ახალი ამბები

ხუმრობით ვულოცავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: ვანო ზარდიაშვილი ანა დოლიძის დანიშვნაზე

8 იანვარი, 2018 • 2081
ხუმრობით ვულოცავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: ვანო ზარდიაშვილი ანა დოლიძის დანიშვნაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძის წევრობას აკრიტიკებს. მისი თქმით, ანა დოლიძე  ვერ გამიჯნავს პოლიტიკასა და მართლმსაჯულებას და საბჭოში “პოლიტიკას შეიტანს” :

“გულწრფელად ვისურვებდი, რომ ანა დოლიძემ გამიჯნოს პოლიტიკა და მართლმსაჯულება ერთმანეთისგან, მაგრამ ამაში ნამდვილად ეჭვი მეპარება ერთი მარტივი მიზეზის გამო, უბრალოდ, მას ვერ გაურჩევია, რომ სააკაშვილი თავის 9-წლიან მმართველობაში იყო ჭანჭიკი და მარგველაშვილი თავის 5-წლიან მმართველობაში დევგმირია, მას რეალურად ასე ჰგონია. შესაბამისად, მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ამოვა მართლმსაჯულების ინტერესიდან და სასამართლო ხელისუფლების ინტერესიდან და მგონია, რომ ის შეიტანს პოლიტიკას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ხუმრობით ვულოცავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მათ პატარა ცირკები ელოდებათ.

ვერასდროს წაიკითხა გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ კონსტიტუცია, ვერასდროს ვერ წაიკითხა პროკურატურის ბრალი, ვერასდროს ვერ წაიკითხა  და  განმარტა სასამართლოს გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ანა დოლიძესთან მიმართებაში  მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი “ – განაცხადა ზარდიაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.

დღეს, 8 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე წარადგინა. თავის განცხადებაში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო ბაზის პრობლემურობას. მარგველაშვილის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ აღნიშნული ბაზა ბოლომდე ეფექტური გახდეს, ის დოლიძის კანდიდატურას წარადგენს.

“…არაერთხელ აღგვინიშნავს იმის თაობაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ დასახვეწია. იმაზეც გაგვისვამს ხაზი, რომ იუსტიციის უმაღლესი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლომდე გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდიდა ამ ორგანოს, ესეც გასაკეთებელია. თუმცა არაერთხელ აღმინიშნავს იმის თაობაზეც, რომ მარტო საკანონმდებლო ბაზით, განსაკუთრებით ისეთი ფაქიზი სისტემა, როგორიც სასამართლოა, ვერ უზრუნველყოფს თვისობრივად ახალ და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.

…სწორედ ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილება, დავნიშნო ამ მაღალ და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ქალბატონი ანა დოლიძე, არის გამაგრებული იმით, რაზეც ორი წუთის წინ ვილაპარაკე: პროფესიონალიზმით, სიმამაცით, ღირებულებებისადმი ერთგულებით და ამ ყველაფრით არა თეორიულად, არამედ ბევრი წლის განმავლობაში, რა დროსაც ქალბატონი ანა ამტკიცებდა თავის უნარს, იყოს უაღრესად კვალიფიციური, მამაცი და უზენაესი ღირებულებების ერთგული იურისტი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ანა დოლიძე ამ დრომდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული მოვალეობის შესრულებას ის 2016 წლის ივნისიდან შეუდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი