ახალი ამბები

ეს არის სამართლებრივი დევნა და არა – პოლიტიკური – “ქართული ოცნება” სააკაშვილის საქმეზე

5 იანვარი, 2018 • 2022
ეს არის სამართლებრივი დევნა და არა – პოლიტიკური – “ქართული ოცნება” სააკაშვილის საქმეზე

“ქართული ოცნება” სააკაშვილისთვის პატიმრობის მისჯაზე ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმება.  პარტიის წევრების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება წარდგენილ მტკიცებულებებს და არა – პოლიტიკურ დევნას.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, პროცესი “სამართლებრივი დევნაა” და არა – პოლიტიკური.

“ეს არის სამართლებრივი დევნა და არა- პოლიტიკური, ამიტომ ჩვენთვის ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და პროცესი სამართლებრივ ჭრილში წარიმართება” – განაცხადა მან. 

პოლიტიკური დევნის საკითხს უარყოფს იურიდიულ საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიაც. მისი თქმით,  პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა, აბსოლუტურ უფლებას არ წამოადგენს.

” როდესაც თავის დროზე  სტრასბურგის სასამართლომ გირგვილანის საქმეზე იმსჯელა, სხვა გარემოებებთან ერთად, მათ შორის ამ გადაწყვეტილებაში მიუთითა შეწყალების აქტის პოლიტიკურ შეინაარსზე და ეს აქტი განხილულია იმ კონტექსტში, რომ პრეზიდენტი, სასამართლო, პროკურატურა, ყველა ერთხმად და შეთანხმებულად მუშაობდა ამ ადამიანის წინააღმდეგ, რომ არ მოხმდარიყო ობიექტური გამოძიება. შეწყალების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, დღევანდელი სასამართლო კონკრეტულ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა”- განმარტა ბესელიამ.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას გამორიცხავს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავაც.

“სასამართლომ გადაყწვეტილება მიიღო, ეს მისი პრეროგატივაა. საქმის  სხვა დეტალებს არ ვიცნობ.  პოლიტიკური დევნა არ არის, ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რაზეც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. არსებობს სამართლებრივი მექანიზმები იმისთვის, რომ გაასაჩივრო გადაწყვეტილება, თუ ამის აუცილებლობა  არსებობს. მე მგონი, ამ საქმეზე სხვა კომენტარი არ უნდა კეთდებოდეს” – განმარტა მან.

დღეს მიხეილ სააკაშვიის თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ვრცლად მიხეილ სააკაშვილის ბრალდებაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი