ახალი ამბები

რატიანის საქმეზე საზმაუს წარმომადგენლებმა ქარტიის პრინციპები დაარღვიეს

28 დეკემბერი, 2017 • 1958
რატიანის საქმეზე საზმაუს წარმომადგენლებმა ქარტიის პრინციპები დაარღვიეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამომცემლებისა და მწერლების საჩივარი განიხილა. საქმე ეხებოდა არხის მიერ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შსს-ს აუდიომტკიცებულების ეთერში გაშვებას. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.
პირველი პრინციპი ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს, მეათე პრინციპი კი ამბობს, რომ “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”
სხდომას მხოლოდ განმცხადებლები ესწრებოდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს საქმის განხილვაში არ მიუღიათ მონაწილეობა.

27 დეკემბერს ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც შსს-მ პოლიციელების მიერ ჩაწერილი აუდიომტკიცებულება წარადგინა, სადაც ისმოდა, როგორ იგინება ზვიად რატიანი პოლიციელების მისამართით.საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული ვიდეო შსს-სგან ოფიციალურად გამოითხოვა და გაავრცელა. ვიდეო დამონტაჟებულია და სრულად არ ასახავს დაკავების პროცესს, არც იმას, თუ რამ გააღიზიანა ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. აღნიშნულის გამო, მაუწყებელს ბოიკოტი არაერთმა მწერალმა, პოეტმა, გამომცემელმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენელმა გამოუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი