“მსოფლიოში არ არსებობს ციხე, სადაც არ ხდება მკვლელობა, სადაც არ ხდება დაჭრა, სადაც არ ხდება კონფლიქტი პატიმრებს შორის, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლები არ არღვევენ კანონს. თუ მინისტრი ხელს აფარებს, ცხადია, დგება მინისტრის პასუხისმგებლობა, თუ მინისტრი და, ზოგადად, სახელწმიფო მოწოდებულია იმისთვის, რომ სასწრაფოდ იყოს გამოძიებული ფაქტი, რაც ამ შემთხვევაში მოხდა, მაშინ პასუხისმგებლობა… შეგიძლიათ მითხრათ რომელიმე ქვეყანა, სადაც მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ დანაშაული მოხდა და ეს დანაშაული გამოიძიეს? თუ არ გამოიძიეს, მინისტრი კი არა, შეიძლება მთავრობაც გადადგეს,” – განაცხადა ნეტგაზეთთან საუბარში მინისტრმა, სოზარ სუბარმა.
გარდაცვლილი პატიმრის ახლობლები გეგუთის ციხის მაშინდელი უფროსის მალხაზ სინაურიძის დასჯასაც მოითხოვენ. აღნიშნულ საქმეზე არასამთავრობოების მიერ გავრცებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია გამოძიება დაინტერესდეს ამ საქმესთან მალხაზ სინაურიძის კავშირით, რომელიც გეგუთის #14 დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც იქ პატიმარი ლევან კორტავა სასტიკად ცემეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
“საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მალხაზ სინაურიძეს 2006 წელს მომხდარი ციხის ბუნტის საქმეზე მიცემული აქვს ჩვენება რამდენიმე პატიმრის წინააღმდეგ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სიანურიძემ ჩვენება თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ შეცვალა და განაცხადა, რომ ციხის ბუნტის ორგანიზატორი ბაჩო ახალაია იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენების შეცვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში იგი გეგუთის ციხის უფროსად დაინიშნა”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
როგორც სუბარი ამბობს, ჩვენებებთან დაკავშირებით მას არაფრის თქმა არ შეუძლია:
“ჩვენებებთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს, მე არ ვიცი, რა ჩვენება აქვს მიცემული სინაურიძეს ახალაიას საქმეში.”
კითხვაზე, რა ნიშნით იყო შერჩეული სინაურიძე აღნიშნულ თანამდებობაზე, სუბარი ამბობს:
“თავის დროზე პრაქტიკულად ყველა ციხის უფროსი გავათავისუფლეთ. კადრები სადღაც უნდა გვეძებნა. რამდენიმე ძველი კადრი მოვნახეთ. ნაწილი გადმოვიდა პოლიციიდან, ვეძებდით არასამთავრობო ორგანიზაციებშიც, ორი დაწესებულების ხელმძღვანელი ექიმია. სხვადასხვა სფეროში ვეძებდით მენეჯერული თვისებების მქონე ადამიანებს. სრულიად უცხო ადამიანისთვის ძალიან ძნელია თავის გართმევა, მით უმეტეს, ურთულეს გარდამავალ პერიოდში, სანამ გაერკვევა ადამიანი, რა უნდა გააკეთოს, შეიძლება ყველაფერი თავზე დაემხოს, ამიტომაც, სწორედ რამდენიმე ადამიანი შევარჩიეთ ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე. მათ შეძლეს ძალიან სწრფად წესრიგის დამყარება, სწორედ თავიანთი გამოცდილების ხარჯზე, თუმცა მათი გამოცდილება არ აღმოჩნდა დღევანდელი რეალობის შესაბამისი. სხვათა შორის, როდესაც ასეთ ძველ კადრებს ვარჩევდი, ყოველთვის ვურეკავდი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ადრევე, ციხეების აქტიური მონიტორინგით იყვნენ დაკავებული, და მათ ვეკითხებოდი, რამე ისეთი კონკრეტული ფაქტი ხომ არ გაქვთ, რის გამოც ამ ადამიანზე შეიძლება უარი ვთქვათ. მაშინ იყო წესრიგი დასამყარებელი და ამ ადამიანს ჰქონდა გამოცდილება, მართლა ქაოსი მივიღეთ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში სისტემაში. ძველი რეპრესიული სისტემა მოიშალა და არანაირი სისტემა არ არსებობდა. გახსოვთ გამოსვლები #15, #16 დაწესებულებებში, მღელვარება ყველგან, რომელსაც ე.წ. მაყურებელები იწვევდნენ,”- აცხადებს სუბარი “ნეტგაზეთთან” საუბარში.





