თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიზანია “საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და მისთვის მეტი ჯანმრთელი წლების უზრუნველყოფა თამბაქოს მოხმარების შემცირების და მეორადი კვამლისგან დაცვის გზით.”
სტრატეგიის მიხედვით, მიზნები, რომელსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს, რიცხვებშია დათვლილი: არასრულწლოვანებში მოწევის გავრცელება ყოველწლიურად 1%-ით უნდა შემცირდეს, მოზრდილებში – 2%-ით; თამბაქოსგან თავისუფალი სამუშაო ადგილები ყოველწლიურად 5%-ით უნდა გაიზარდოს; საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მეორადი კვამლის ზემოქმედების ყოველწლიურად 1%-ით შემცირება იგეგმება, ყოველწლიურად სახლის პირობებში მეორადი კვამლის ზემოქმედების შემცირება კი, ბავშვებში 3%-ით და მოზრდილებში 1%-ით.
გარდა ამისა, სტრატეგიით განისაზღვრა იმ პრევენციული ღონისძიებები, რომელიც უნდა დაიწყოს. ეს უნდა იყოს თამბაქოს საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი კამპანიების განხორციელება, განსაკუთრებით, მასმედიის საშუალებებით.
თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისთვის, როგორც სტრატეგიაში წერია, არავითარ შემთხვევაში არ მიიღება პარტნიორობა და დაფინანსება თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან.
“კონკრეტული ღონისძიებები გატარდება იმისთვის, რომ თამბაქოს კონტროლის საკითხი ერთ-ერთი უმთავრესი იყოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამ მიზნით, შექმნილია თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია, რომელსაც მინიჭებული აქვს სტრატეგიის განხორციელების კოორდინაციის, ზედამხედველობის და კონტროლის მანდატი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი წამყვანი როლი უჭირავს თამბაქოს კონტროლის საკითხში, ამის გარდა, ღონისძიებების უფრო სრულფასოვნად გატარების მიზნით, უზრუნველყოფილია ფართო კოალიციის ჩამოყალიბება ყველა სამთავრობო სექტორსა და სამინისტროს შორის.”
თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის სამდივნო პასუხიმგებელი იქნება თამბაქოს კონტროლის ეროვნული პოლიტიკის, მოწევის გავრცელების და ჯანმრთელობის მისი მავნე ზემოქმედების შესახებ ანგარიშების რეგულარულად მომზადებაზე.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოწევისთვის თავის დანებების ეფექტური ზომების და თამბაქოზე დამოკიდებულების ადეკვატური მკურნალობის განხორციელება, შემუშავდება და გავრცელდება შესაბამისი სრულფასოვანი და ინტეგრირებული სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში შესული იქნება “ყოვლისმომცველი, ხელმისაწვდომი და ეფექტური პროგრამები, რომლებიც მინიმუმ უნდა უზრუნველყოფდეს:ინფორმაციის მიწოდებას თამბაქოს მოხმარებასთან და მეორადი კვამლის ზეგავლენასთან ასოცირებული ჯანმრთელობის რისკების შესახებ და თამბაქოს ნარკოტიკული თვისებების შესახებ;”
როგორც სტრატეგიაშია ნათქვამი, გარკვეული დრო იქნება საჭირო იმისათვის, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება მოწევისადმი საბოლოოდ შეიცვალოს, რადგან “მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, დღემდე ეს ქცევა სოციალურად ჯერ კიდევ ფართოდ მიღებულია. საზოგადოების განათლება, ინფორმირებულობის გაზრდა და მოწევის უარყოფითი შედეგების შესახებ ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვანი წინაპირობაა თამბაქოს კონტროლის წინსვლისთვის.”
