ახალი ამბები

სადღესასწაულო სუფრის ცდუნება – სპეციალისტის რჩევები

29 დეკემბერი, 2017 • 4539
სადღესასწაულო სუფრის ცდუნება – სპეციალისტის რჩევები

საახალწლო სუფრის მრავალფეროვნება და კალორიულობა განსაკუთრებულად პრობლემური იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც არ სურს, კონკრეტული დიეტით დადგენილ კურსს არ გადაუხვიოს. კერძების ფართო არჩევანი ხშირად აღნიშნულის საშუალებას არ იძლევა, რაც შემდგომ დამატებით დაბრკოლებებს ქმნის წონის რეგულირების გზაზე.

დიეტური ახალი წლისთვის რჩევები “ნეტგაზეთმა” სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტს, ქეთევან ასათიანს ჰკითხა. მისი თქმით, დიეტა და საახალწლო მენიუ ერთმანეთს რთულად ეწყობიან, თუმცა ამ დროს მთავარი ზომიერების დაცვაა.

“უპირველეს ყოვლისა, ზომიერების გრძნობამ არ უნდა გიღალატოთ. ხშირად, განსაკუთრებით ის პირები, ვინც იმყოფებიან დიეტაზე ამა თუ იმ მიზეზის გამო, ზომიერების ფარგლებში არღვევენ მას. რთულად წარმოსადგენია, რომ ისინი შეძლებენ მტკიცედ განაგრძონ დიეტის დაცვა, როცა გარშემო გემრიელი კერძების ასეთი სიუხვეა.

ვფიქრობ, გამოთქმა – როგორც შეხვდები ახალ წელს, ისეთივე წელი დაგებედება – გასტრონომიული კუთხით უმეტესწილად ზედმეტადაც არის გადატვირთული”.

ქეთევან ასათიანი

ქეთევან ასათიანის თქმით, მნიშვნელოვანია ექიმის რჩევებიც, რა თქმა უნდა, თვითკონტროლთან ერთად.

“დიეტაზე მყოფმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ ექიმის რეკომენდაცია, რჩევა. მათი „დარღვეული მენიუც“ კი. ან ის პირობები, თუ როგორ არღვევენ დიეტას, სასურველია,  დიეტის შემდგენელ ექიმთან იყოს შეთანხმებული.

კვება უნდა იყოს ჯერადი, ანუ ყველა  „მაცდური“ და გემრიელი კერძი სასურველია, ერთბაშად არ მიიღოთ, არამედ ზომიერად გაანაწილოთ დღის განმავლობაში. ტკბილეულის მირთმევის დროს ზომიერებამ არ უნდა გიღალატოთ. შეგახსენებთ, რომ სადღესასწაულო დღეებში (ექიმთან შეთანხმებით) დაშვებულია გარკვეული დოზით ტკბილეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მირთმევა”.

სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საახალწლო სუფრის “ბოიკოტი” არა მხოლოდ არასასიამოვნო, არამედ საზიანო და სტრესულიცაა ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, საბოლოოდ, ყველას, ვინც დიეტაზეა ან არ სურს, ორგანიზმი ზედმეტად გადატვირთოს, 5 საკვანძო რჩევას აძლევს.

  1.  ნუ მიუსხდებით სუფრას მშიერი.
  2. სასურველია, ძალის აღდგენის მიზნით ჩათვლიმოთ ან გრილი შხაპი მიიღოთ;
  3. წვეულების დროს მიიღეთ რაც შეიძლება მეტი წყალი;
  4. ნუ მიიღებთ ერთდროულად ალკოლჰოლურ სასმელსა და ტკბილ, გაზიან სასმელს, რათა სწრაფად არ მოგეკიდოთ სასმელი და არ დათვრეთ;
  5. მთავარია, ზომიერებამ არ გიღალატოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი