ახალი ამბები

ლომჯარია ილია ჭანტურაიას თანამდებობაზე აღადგენს

27 დეკემბერი, 2017 •
ლომჯარია ილია ჭანტურაიას თანამდებობაზე აღადგენს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ილია ჭანტურაია, რომელმაც ომბუდსმენის აპარატს სამსახურიდან დათხოვნის გამო დავა სასამართლოში მოუგო, სამსახურში აღდგება. იგი საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.

ამის შესახებ ლომჯარიამ განცხადება დღეს, 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ჭანტურაია მაშინდელი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ბრძანებით, 2016 წელს თანამდებობიდან გათავისუფლდა დისციპლინარული გადაცდომის მიზეზით. ილია ჭანტურაია სამსახურიდან მის დათხოვნას “ლიბერალისთვის” მიცემულ საჯარო ინფორმაციას უკავშირებდა. საქმის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

“ზარალი გამოიხატება, პირველ რიგში, რეპუტაციის თვალსაზრისით, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ გადაწყვეტილება დადგა სასამართლოს მიერ, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები, რომ აღდგენილიყო ეს ადამიანი თავის უფლებებში. პირველ რიგში, ალბათ, ფინანსური ზარალი, მოხდა განაცდურის კომპენსირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აღდგა იმ პოზიციაზე, რომელსაც ის იკავებდა. მისი გათავისუფლების შემდგომ ორი სამმართველო იყო გაერთიანებული, დღეს არის დარჩენილი საქმისწარმოების სამმართველო, თუმცა მას აქვს გაცხადებული თანხმობა, რომ დაბრუნდეს ამ პოზიციაზე, ამიტომ მას პრეტენზიები ამ მიმართულებით არ აქვს,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიამ სხვა დავების შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის წინააღმდეგ ოთხი თანამშრომლის დავა მიმდინარეობდა და ოთხივე შეწყდა.

“იყო მიმდინარე დავები სახალხო დამცველის აპარატის თანამშორმლების, აპარატის წინააღმდეგ. მინდა გაცნობოთ, რომ ოთხივე თანამშრომელმა საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტა დავა აპარატის წინააღმდეგ, მინდა მივესალმო ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ მსგავსი კონსტრუქციული ნაბიჯები ნამდვილად შეუწყობს ხელს საქმიანი და კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას,”- განაცხადა ლომჯარიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი