სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მისი 21 დეკემბრის ბრაძანებით, ძვირადღირებული ავტომობილი “მერსედეს GLA” ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადასცა.
ამის შესახებ მან 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ჩემ მიერ 21 დეკემბერს მიღებული გადაწყვტილებით, აღნიშნული ავტომანქანა გადაეცა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც აუქციონის წესით გაასხვისებს და, შესაბამისად, მიღებულ თანხას დააბრუნებს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ის, რომ ვერ ვხედავ აღნიშნული კლასის და მოდელის ავტომანქანის ყოლის საჭიროებას სახალხო დამცველის აპარატისთვის. გარდა ამისა, ყოველწლიურად იზრდება მისი შენახვის ხარჯები, რაც გაუმართლებლად აზარალებს ჩვენს ბიუჯეტს,”- განაცხადა მან.
ძვირადღირებული ავტომობილი “მერსედეს GLA” ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანაუაშვილმა იყიდა, რაც 2017 წელს სკანდალის მიზეზი გახდა. ნეტგაზეთის კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა 105 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილის შეძენა, ნანუაშვილმა განაცხადა, რომ აპარატს სხვა გამოსვალი არ ჰქონდა.
“დღევანდელი გადასახედიდან, თუკი გვეცოდინებოდა, რომ მოჰყვებოდა ამას გარკვეული ვნებათაღელვა, შესაძლებელია, გვეფიქრა სხვა პროცედურებზე, მაგრამ, რეალურად, ეს იყო ერთადერთი პროცედურა. იმ ძველი მანქანის ექსპლოატაცია უფრო ძვირი უჯდებოდა აპარატს, ვიდრე ახლით ჩანაცვლება, და ჩვენ ყველა მოქმედი პროცედურების დაცვით განვახორციელეთ ჩანაცვლება, რომელიც არსებობდა იმ დროს. სხვა გამოსავალი, რომ ჩვენ ნაკლები ღირებულების მანქანა შეგვეძინა და ჩაგვენაცვლებინა, ფიზიკურად არ იყო,”- განაცხადა ნანუაშვილმა.