“ცხადია, ამგვარი დამთხვევა პროცესის მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშოს, რაც მოითხოვს დასაბუთებულ განმარტებებს სასამართლო ხელისუფლებისგან”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე, რომელმაც გამოიტანა გამამრთლებელი გადაწყვეტილება ახალაიას საქმეზე, რომელიც შედგებოდა სამი ეპიზოდისგან, 2013 წლის 6 თებერვალს საჩხერის რაიონული სასამართლოდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მივლინებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში:

 

“სწორედ მან დაიწყო 2013 წლის 18 მარტს ბაჩანა ახალაიას საქმის არსებითი განხილვა, რომლის მომდევნო დღესაც, 2013 წლის 19 მარტს გ. დარახველიძე, ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ”, – აცხადებენ EMC-ში.

 

მოსამართლე დავით მგელიაშვილი იხილავს ახალაიას შსს–ს მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებულ, ე.წ. სპეცრაზმელების წამების ეპიზოდს, რომელზეც ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. EMC-ის ცნობით, მგელიაშვილი, დარახველიძის მსგავსად, ასევე, 2013 წლის 6 თებერვალს გორის რაიონული სასამართლოდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მივლინებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო 19 მარტს, ასევე, საბჭოს
გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

 

რაც შეეხება მესამე საქმეს, რომელიც ციხის ბუნტის ეპიზოდს უკავშირდება, არსებითი განხილვის სხდომას უძღვებოდა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი. ამავე სხდომაზე განიმარტა, რომ მისი, როგორც ამ საქმეზე სათადარიგო მოსამართლის, ჩანაცვლება შემდგომში მოხდება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძით.

 

“ლაში ჩხიკვაძე, ზემოთ ხსენებული მოსამართლეების მსგავსად, 2013 წლის 6 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან იქნა გადმოყვანილი და დანიშნული თბილისის საქალაქო
სასამართლოში”, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

 

ორგანიზაციის ცნობით, მოსამართლეების – დარახველიძისა და მგელიაშვილის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მივლინების მოტივაციად დასახელდა ამნისტიის საქმეთა სიმრავლე:

 

“თუმცა ამ კატეგორიის საქმეთა ძირითადი ნაწილის განხილვა „ამნისტიის შესახებ“ კანონით თებერვალში უნდა დასრულებულიყო. როგორც აღმოჩნდა, მივლინების დროებითი ხასიათის მიუხედავად, მოსამართლეთა უკან დაბრუნება დანიშვნის სასამართლოებში არ განხორციელებულა და, მეტიც, ისინი მოგვიანებით დაინიშნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – აცხადებენ EMC-ში.

 

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პრობლემატურია სასამართლოში მოსამართლეებს შორის საქმეთა განაწილების წესი:

 

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის უცნობია, რა წესით მოხდა საქმეთა გადანაწილება ბ. ახალაიას საქმეებში, განმხილველი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების თანხვედრა და საქმეთა გადანაწილების წესის თაობაზე არსებული საკანონმდებლო რეგლამენტაცია აძლიერებს ეჭვებს პროცესის ობიექტურობასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ ორგანიზაციაში და მიუთითებენ იმ საკანონმდებლო ხარვეზზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს თავმჯდომარეს ეძლევა ფართო უფლებამოსილება, ცალკეულ შემთხვევებში საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს, რომელ მოსამართლეს დაავალოს საქმის განხილვა.


EMC მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, განმარტოს ის გარემოებები, რამაც განაპირობა მივლინებული
მოსამართლეების თბილისში დანიშვნის საჭიროება; თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს – გააკეთოს სათანადო განმარტებები და გაასაჯაროვოს შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილებები ბ. ახალაიას საქმეების
გადანაწილების შესახებ და ამასთან, EMC მოუწოდებს პარლამენტს, დროულად განახორციელოს სათანადო
საკანონმდებლო ცვლილებები მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების წესის შესახებ კანონში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *