ახალი ამბები

სახელმწიფო შესყიდვების მესამედზე მეტი 2016 წელს გამარტივებული წესით განხორციელდა – კვლევა

25 დეკემბერი, 2017 • 1900
სახელმწიფო შესყიდვების მესამედზე მეტი 2016 წელს გამარტივებული წესით განხორციელდა – კვლევა

2016 წელს გამარტივებული შესყიდვების წილმა მთლიან შესყიდვებში 37% შეადგინა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 33.7% იყო.

“საერთაშორისო გამჭვირველობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშში, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე პერიოდს მოიცავს, წერია, რომ გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებების საერთო რაოდენობამ 2.86 მილიარდი ლარი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით,  გამარტივებული შესყიდვით 95 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულებები დაიდო ახლად დაფუძნებულ კომპენიებთან. 345 ათასი ლარის ხელშეკრულება დაიდო ისეთ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების გაფორმება წინ უსწრებდა კომპანიის რეგისტრაციას, ან კომპანია ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო რეგისტრირებული. ანგარიშში ამის მაგალითად მოყვანილია ასპინძის მუნიციპალიტეტი, რომელმაც 115 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა შპს „ქილდა 2015”-თან. ეს კომპანია ხელშეკრულების გაფორმების დროს მხოლოდ 12 დღის დაფუძნებული იყო.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

“გამარტივებული შესყიდვების წილი 2016 წელს წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ამ კუთხით დაფიქსირდა საკმაოდ სოლიდური კონტრაქტების გაფორმების შემთხვევები, როდესაც ხდებოდა ახლად დაფუძნებულ კომპანიებთან ხელშეკრულებების დადება. ასევე გამარტივებული შესყიდვების კუთხით არსებობს სერიოზული პრობლემა. სისტემაში არ იძებნება 50 ორგანიზაციის, მათ შორის შსს-ს, მთავრობის ადმინისტრაციის გამარტივებული შესყიდვები. ეს არის პრობლემა,”- აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი.

150-მდე კომპანიასთან დაკავშირებულმა 140-მდე  პირმა (ყოფილი ან მოქმედი მეწილე ან დირექტორი) მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” 6 მლნ ლარამდე თანხა შესწირა. მათი კომპანიების მიერ მიღებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ კი დაახლოებით 75 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ტენდერებს, ანგარიშის მიხედვით, ახლად შექმნილ კომპანიებთან ხელშეკრულების დადებას ტენდერებშიც ვხვდებით.  რუსთავის მუნიციპალიტეტის 735 ათასი ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ შპს „ათონი”, რომელიც ტენდერის გამოცხადებიდან 20 დღის შემდეგ დაფუძნდა. 80-მდე კომპანიასთან დაკავშირებულმა (მოქმედი ან ყოფილი მეწილე ან დირექტორი) 90-მდე პირმა მმართველ პარტიას დაახლოებით 3.6 მლნ ლარი შესწირა. მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 360 მლნ ლარზე მეტი  ღირებულების  დაახლოებით 1 600 სატენდერო ხელშეკრულება მიიღეს.

ტენდერის საშუალებით ყველაზე მსხვილი შემსყიდველები 2015-2017 წლებში არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის მერია და მუნიციპალური განვითარების ფონდი.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტენდერებში კონკურენცია მცირედით გაზრდილია, თუმცა იყო შემთხვევები, როცა პოლიტიკურ პარტიას სწირავდნენ თანხას და შემდეგ მათი კომპანიები იღებდნენ ტენდერების გზით ხელშეკრულებებს. დაახლოებით 360 მლნ ლარის ხელშეკრულებაზეა საუბარი,”- აცხადებს ლევან ნატროშვილი.

უცხოური კომპანიების წილმა ქართულ ტენდერებში საკვლევ პერიოდში 4% შეადგინა. 82 უცხოურ კომპანიასთან ტენდერების გზით სულ 247.4 მლნ ლარის ღირებულების 175 ხელშეკრულება გაფორმდა. ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე ტენდერები თურქეთში რეგისტრირებულ კომპანიებზე მოდის, მეორე ადგილზე აზერბაიჯანია. უცხოური კომპანიებისგან შესყიდვის ყველაზე მსხვილი კატეგორია ფარმაცევტული პროდუქტებია.

ორგანიზაცია ხელისუფლებას საჯარო ფინანსების მართვის კუთხით რეკომენდაციით მიმართავს:

  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა შეისწავლოს ის შემსყიდველები, რომლებიც ჩაშლილი ტენდერების მაღალი წილით გამოირჩევნიან, დაადგინოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები (რაც შეიძლება იყოს არასწორი დაგეგმვა, მიმწოდებლების სიმცირე და ა.შ.) და გადადგას საპასუხო ნაბიჯები;

  • სააგენტომ, ასევე, უნდა შეისწავლოს დაბალკონკურენტული ტენდერები, დაადგინოს ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები (რაც შეიძლება იყოს კონკრეტულ რეგიონში მიმწოდებელთა სიმცირე, არასწორი დაგეგმვა, ტენდერის პირობების კონკრეტულ მიმწოდებელზე მორგება თუ სხვა) და მიიღოს შესაბამისი ზომები;

  • სააგენტო უნდა დაინტერესდეს იმ საჯარო უწყებებით, რომლებსაც ტენდერით არც ერთხელ არ უსარგებლიათ, ან გამარტივებული შესყიდვების განსაკუთრებით მაღალი წილით გამოირჩევიან;

  • სააგენტომ უნდა უზრუნველყოს გამარტივებულ შესყიდვებზე ინფორმაციის სრულად და დროულად ხელმისაწვდომობა ელექტრონულ პორტალზე, რაც ამ ეტაპზე პრობლემას წარმოადგენს, მათ  შორის ძალოვანი უწყებების კუთხითაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი