ახალი ამბები

დინამოსთან ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი

25 დეკემბერი, 2017 • 3414
დინამოსთან ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი

დინამოს სტადიონთან, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრბელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. დაშავებულების მდგომარეობაც მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

საცხვორებელი კორპუსის მესამე სართულზე ხანძარი დაახლოებით 02:00 საათზე გაჩნდა. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის მაცხოვრებლები მაინც გამოიყვანეს ბინებიდან.

ხანძარი დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსში. 25.12.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

დღესვე, დაახლოებით, 01:00 საათზე, ხანძარი გაჩნდა სასტუმრო “თბილისი რუმსშიც”. ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მეხანძრე-მაშველებმა პერსონალი და სტუმრები სასტუმროდან გამოიყვანეს – შენობა ახლაც ცარიელია, რადგან კვლავ მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სასტუმროს დირექტორის თქმით, დაშავებული არავინაა და დამწვარია მხოლოდ ორი ოთახი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, რისგან გაჩნდა ხანძრები, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ორივე ლოკაციაზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.

შენიშნვა: თავდაპირველად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ გიორგი ცაბაზის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული იყო 3 ადამიანი, ხოლო დაშავებული 1. შემდეგ გარიკვა, რომ დაღუპულია 2 ადამიანი, ხოლო დაშავებულიც 2. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დაღუპულები და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი