როგორც დავით უსუფაშვილმა “მე–9 არხის” ეთერითიგანაცხადა, განგაშის და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, თუმცა გარკვეული კითხვები მასაც აქვს, რადგან ალბათ შეიძლებოდა იმ ფაქტორების უკეთ პროგნოზირება, რომელმაც ციფრობრივ მაჩვენებელში დღევანდელი მდგოამრეობა განაპირობა.

 

“რაც შეეხება ეკონომიკას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური თემაა. დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს ეკონომიკის არ არის ერთი კონკრეტული მიზეზის შედეგი. მიზეზი არის ბევრი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშით, საქართველოს ეკონომიკის ვარდნა დაიწყო არა წელს, არამედ შარშან, ზაფხულიდან. ასე რომ, ხელისუფლების შეცვლამდე ეს უკვე ტენდენცია იყო. საქართველოში წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო ერთი ტიპის ეკონომიკური სისტემა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ იცვლება სისტემურად და მათ შორის ის დამკვიდრებული პრაქტიკა, როგორც საქართველოში ეკონომიკა ფუნქციონირებდა, იქნებოდა ეს სახელმწიფო ხარჯების გაღება თუ კერძო ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ნებისმიერ ასეთ ცვლილებას, ცხადია, ახლავს ხოლმე გარკვეული პერიოდი, როდესაც პროცესის ძირითადი მონაწილენი უნდა გადაეწყონ ახალ სისტემაზე. ბიზნესმენებმა უნდა დაიჯერონ, რომ ე.წ. “კრიშა” აღარ არის საჭირო იმისათვის, რომ გაწიონ რისკი და გაიღონ ინვესტიცია. კერძო სტრუქტურებმა უნდა ირწმუნონ, რომ სამართლის საძიებლად სასამართლოში უნდა წაბრძანდნენ და არა სხვაგან. იმ კომპანიებმა, რომლებიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ და წლების განმავლობაში სახელმწიფო დაკვეთებს სრულიად უკონკურენტოდ იღებდნენ, გააკეთეს სისტემა და სტრუქტურები, დღეს მათ ეს პრივილეგია დაკარგეს,  ახლა უწევთ კონკურენტულ გარემოში გადასვლა. ამ დროს რა ხდება, ვისაც სისტემა და სქემა ჰქონდა აწყობილი არასწორი ბიზნესის, ის რჩება გარეთ ამ ურთიერთობებში, და ახლებს შემოსვლისთვის სჭირდებათ გარკვეული პერიოდი და ადაპტაცია,” – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

მისივე თქმით, კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი ის არის, რომ ეკონომიკა და ზოგადად ბიზნესურთიერთობები დამყარებულია მომავლის პროგნოზზე და არა გუშინდელ დღეზე ან დღევანდელ ვითარებაზე:

 

“ვინაიდან პოლიტიკაში სტაბილურობის თაობაზე ინერგებოდა ის განცდა, რომ ეს დროებითი ამბავია, ეს ხელისუფლება მოვიდა, მაგრამ ხვალ წავა, რაღაც მოხდება, ასე იქნება, ისე იქნება, ამან, რა თქმა უნდა, ბევრი შფოთი გამოიწვია ბიზნესწრეებში. სწორედ ამიტომ ახალმა მთავრობამ და მისმა ხელმძღვანელმა, პრემიერმა ივანიშვილმა სრულიად ღიად განუცხადა ქართველ ხალხს ჯერ კიდევ შარშან: ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პირველი წელი იქნება მძიმე… სიმძიმეს განაპირობებს სწორედ იმ სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, რომლის გარეშე ჩვენ ვიყავით არჩევანის წინაშე: უნდა გაგვეგრძელებინა წინა ხელისუფლების ნაცადი ხერხი, რომელსაც რა მოჰქონდა? ციფრებით ეკონომიკა იზრდებოდა, მაგრამ ეს ზრდა გავლენას ახდენდა ჩვენი მოსახლეობის 5–6%–ის კეთილდღეობაზე, 95 პროცენტს არც 6–პროცენტიანი ზრდის ეტყობოდა რამე და არც ბიუჯეტის გაოთხმაგება–გაექვსმაგების. ანუ ის სისტემა, რომელიც მორგებული იყო ელიტარული ბიზნესის და ელიტური ფენების კეთილდღეობაზე, ჩვენ უნდა შევცვალოთ და ვცვლით ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობის სისტემისკენ”, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ მისი ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ კითხვები არ აქვს.

 

“მე ახლა ქუთაისიდან მოვდივარ, მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილთან. ჩვენ გავიარეთ ძალიან ბევრი პარამეტრი, ციფრი და ალბათ მომავალ კვირაში ჩვენ გვექნება შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო წარმომადგენელთან. გვექნება კითხვები, რომელზეც ჩვენც გვინდა პასუხი. რას ვგულისხმობ პასუხში? ბევრი ფაქტორი, რომელზეც მე მოგახსენეთ და რომელიც განაპირობებს ციფრობრივ მაჩვენებელში დღევანდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ამის უკეთ პროგნოზირება ალბათ შეიძლებოდა. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი დანაპირები მთავრობის მხრიდან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებისგან, რომ მომავალი ექვსი თვე თვისობრივად განსხვავებული იქნება ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვინაიდან ჩვენ პირველი ექვსი თვისთვისაც უფრო მაღალ პარამეტრებზე გვქონდა საუბარი, ჩვენ გვაქვს კითხვები, რომ მომავალი უკეთესობა რა პარამეტრებს, რა გათვლებს ემყარება და პარლამენტმა რა როლი უნდა ითამაშოს ამ ყველაფერში. ამ წუთის მდგომარეობით არანაირი პრობლემა არ არის, მე იმას არ ვამბობ, რომ –0,8 პროცენტის დაფიქსირება კარგია, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა 8 პროცენტის დაფიქსირება, მაგრამ ეს არ არის რაიმე სერიოზული შეშფოთების ან განგაშის საფუძველი. სრული გარანტია არსებობს, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფოს მხრიდან აღებული არც ერთი ვალდებულება შეუსრულებელი არ დარჩება: ხელფასები, პენსიები, სოციალური პაკეტები, დაზღვევის სისტემა, უფასო სახელმძღვანელოები… ყველაფერი აუცილებლად შესრულდება. საუბარია იმაზე, ამ წლის განმავლობაში რამდენად სწრაფად გავიზრდებით. მე მინდა ყველას შევახსენო პრემიერ–მინისტრის სრულიად რეალისტური პროგნოზი: პირველი წელი იქნება მძიმე, მეორე წელს ვიგრძნობთ სერიოზულ წინსვლას, ხოლო მესამე და მეოთხე წლის განმავლობაში დავინახავთ, თუ რა მოხდა ამ ქვეყანაში და თურმე რატომ ღირდა თუნდაც ამ მძიმე წლების გავლა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *