ეს განცხადება მინისტრმა რუსთავი 2–თან საუბარში გააკეთა:
“ეს იყო შეთანხმებული უნივერსიტეტებთან, შესაბამისად, ჩვენ ამ შეთანხმებას ვასრულებთ. [უნივერსიტეტის] მოწყობის მხრივ, აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის ხელშეკრულებების და უფლება–მოვალეობების მხრივ, არაფერი იცვლება, და ნარჩუნდება ისე, როგორც იყო ა(ა)იპის შემთხვევაში”, – განაცხადა მინისტრმა.
აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება გააკეთა თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სანდრო კვიტაშვილმა, რომელმაც მთავრობის შესაბამისი დადგენილების კომენტირებისას თქვა: “სამწუხაროა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება ასეთი ფორმით მიიღო”.
“აპრილის ბოლოს, სამოქალაქო კოდექსში მიღებული იყო ცვლილება, რომელიც უნივერსიტეტებს აძლევდა საშუალებას, რომ ძველ იურიდიულ სტატუსზე, ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსზე გადასულიყვნენ. იმ კანონის ინტერპრეტაცია შეიძლება ისე, რომ უნივერსიტეტს შეეძლო გადაწყვეტილების მიღება იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებით, ეს კი, ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო, რადგან მე ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: არ აქვს მნიშვნელობა იურიდიულ ფორმას, მთავარია, რომ გადაწყვეტილება ცვლილებაზე უნივერსიტეტმა თვითონ მიიღოს, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი უნივერსიტეტისთვის. ეს დადგენილება, რომელიც მთავარობამ მიიღო, სტატუსს უკვე პირდაპირ განსაზღვრავს. სამწუხაროა, რომ ეს ასეთი ფორმით მოხდა, რადგან საუბარი აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე იყო…”, – განაცხადა კვიტაშვილმა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტატუსის შეცვლა 2013 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მოხდეს, რის შემდეგაც სახელმწიფო უნივერსიტეტების დამფუძნებლად განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უნივერსიტეტების წესდებასაც სამინისტრო დაამტკიცებს.
სანდრო კვიტაშვილის თქმით, მთავარობას რომ ეს დადგენილება არ გამოეცა, სამოქალაქო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს თვითონ შეეძლოთ იურიდიული სტატუსის არჩევა, რაც, თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულების თქმით, ბევრად უფრო დემოკრატიული და ცივილიზებული ფორმაა. გარდა ამისა, კვიტაშვილი აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებამდე უნივერსიტეტებთან სულ სხვა მიდგომაზე საუბრობდა:
“მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ გაკეთდებოდა სპეციალური ე.წ. სსიპ-ის კანონი, რომლის მიხედვითაც იქნებოდა ბევრად უფრო გაზრდილი ავტონომია. მუშაობა მიდიოდა დაახლოებით 22–პუნქტიანი შეთანხმების ამგვარ დოკუმენტზე, რომელიც იმ საკითხებს უნდა შეხებოდა, რაც უნივერსიტეტს აწუხებს. იყო საუბარი, რომ ეს გადასვლა ამ ფორმაზე [სსიპის სტატუსზე] მოხდებოდა უნივერსიტეტებთან შეთანხმებით. ეს უკვე მერამდენე შემთხვეაა, როცა ერთ რაღაცაზე მიდის საუბარი და მეორე ხდება”, – განაცხადა მან.
იურიდიული სტატუსის ცვლილება უარყოფითად შეაფასა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევაზეძემ.
“ხელისუფლებიდან იყო დაპირება, რომ უნივერსიტეტების სტატუსი მათი ნების საწინააღმდეგოდ არ შეიცვლებოდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეს სურვილი არ გამოუთქვამს და ეს ჩვენი სურვილის წინააღმდეგ მოხდა. ამ სტატუსის ცვლილების შემდეგ სამინისტროს შეუძლია გააუქმოს უნივერსიტეტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, როცა უნივერსიტეტს სჭირდება სესხი გარკვეული საქმიანობისთვის, ეს უნდა დაამტკიცოს ფინანსთა სამინისტრომ, დაახლოებით სამჯერ გვიძვირდება წიგნების შესყიდვა. ააიპ–ის შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული, სსიპ–ს კი მხოლოდ იმის კეთება შეუძლია, რაც დაშვებულია. ეს უნივერსიტეტების განვითარებაზე იქონიებს უარყოფით გავლენას, რადგან რაც უფრო დამოუკიდბელია უნივერსიტეტი, განვითარების მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. ჩვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მხოლოდ წინააღმდეგობა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, იურიდიული სტატუსი შეეცვალა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწფიო სამედიცინო უნივერსიტეტს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. რუსთავი 2–ის ინფორმაციით, იურდიული სტატუსის შეცვლის საკითხი დადებითად შეაფასა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშილმა.
