როგორც კვიტაშვილმა დღეს, 31 ივლისს მთავრობის შესაბამისი დადგენილების კომენტირებისას განაცხადა, სამწუხაროა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება, რომელიც უნივერისტეტს ეხება, ასეთი ფორმით მიიღო:
“ალბათ გახსოვთ, რომ აპრილის ბოლოს, სამოქალაქო კოდექსში მიღებული იყო ცვლილება, რომელიც უნივერსიტეტებს აძლევდა საშუალებას, რომ ძველ იურიდიულ სტატუსზე, ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსზე გადასულიყვნენ. იმ კანონის ინტერპრეტაცია შეიძლება ისე, რომ უნივერსიტეტს შეეძლო გადაწყვეტილების მიღება იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებით, ეს კი, ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო, რადგან მე ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: არ აქვს მნიშვნელობა იურიდიულ ფორმას, მთავარია, რომ გადაწყვეტილება ცვლილებაზე უნივერსიტეტმა თვითონ მიიღოს, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი უნივერსიტეტისთვის. ეს დადგენილება, რომელიც მთავარობამ მიიღო, სტატუსს უკვე პირდაპირ განსაზღვრავს. სამწუხაროა, რომ ეს ასეთი ფორმით მოხდა, რადგან საუბარი აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე იყო…”, – განაცხადა კვიტაშვილმა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტატუსის შეცვლა 2013 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მოხდეს, რის შემდეგაც სახელმწიფო უნივერსიტეტების დამფუძნებლად განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უნივერსიტეტების წესდებასაც სამინისტრო დაამტკიცებს.

სანდრო კვიტაშვილის თქმით, მთავარობას რომ ეს დადგენილება არ გამოეცა, სამოქალაქო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს თვითონ შეეძლოთ იურიდიული სტატუსის არჩევა, რაც, თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულების თქმით, ბევრად უფრო დემოკრატიული და ცივილიზებული ფორმაა. გარდა ამისა, კვიტაშვილი აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებამდე უნივერსიტეტებთან სულ სხვა მიდგომაზე საუბრობდა:
“მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ გაკეთდებოდა სპეციალური ე.წ. სსიპ-ის კანონი, რომლის მიხედვითაც იქნებოდა ბევრად უფრო გაზრდილი ავტონომია. მუშაობა მიდიოდა დაახლოებით 22–პუნქტიანი შეთანხმების ამგვარ დოკუმენტზე, რომელიც იმ საკითხებს უნდა შეხებოდა, რაც უნივერსიტეტს აწუხებს. იყო საუბარი, რომ ეს გადასვლა ამ ფორმაზე [სსიპის სტატუსზე] მოხდებოდა უნივერსიტეტებთან შეთანხმებით. ეს უკვე მერამდენე შემთხვეაა, როცა ერთ რაღაცაზე მიდის საუბარი და მეორე ხდება. თვითონ მთავრობის ამ დადგენილებაში რაღაც ისეთი საგანგაშო, ჩემი აზრით, ბევრი არაფერია იმიტომ, რომ იქ გარკვეულწილად ჩადებულია სტაბილურობის ელემენტები… იგივე ის, რომ არ იცვლება მმართველობა, თუმცა მე უფრო მაწუხებს ის ფორმა, როგორც ეს იქნა მიღებული, ვიდრე შინაარსი. კიდევ ერთხელ მოხდა ისეთი რამ, რაღაცაზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით და გაკეთდა ისე, როგორც უნდოდა სამინისტროს. ეს არის ძირითადი პრობლემა. სახელმწიფო უნივერსიტეტების სსიპად გადაკეთების შემთხვევაში, სამინისტროს ეძლევა აბსოლუტური უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტური ფონი ნამდვილად არ არის, მინდა ოპტიმისტი ვიყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც დიდი რყევები და ცვლილებები უნივერსიტეტში არ მოხდება, იმიტომ, რომ 16 სექტემბერს იწყება სწავლა და უნივერისტეტის რეორგანიზაციის დაწყება სწავლის დაწყების პერიოდში იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი, თან, მით უმეტეს, 16–ში უნივერსიტეტს უკვე ახალი რექტორი ეყოლება და ამ ადამიანს (ვინც დაინიშნება) სტაბილურობის გარანტია უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა მან.
კვიტაშვილის თქმით, უკვე არსებული პრეცედენტებიდან გამომდინარე, რაც ეხება ზემოხსენებულ დადგენილებას და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, მისთვის ძალიან ძნელია ამოიცნოს ის პოლიტიკა, რასაც განათლების სამინისტრო აწარმოებს. შესაბამისად, მისი თქმით, რთულია გათვალო, თუ რა შეიძლება მოხდეს უმაღლესი განათლების სფეროში ახლო მომავალში. მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თუ შემუშავდებოდა ის კანონი, რომელზედაც საუბარი მიდიოდა უნივერსიტეტების წარმომადგნლებსა და სამინისტროს შორის, ხოლო კანონის მიღების შემდეგ, უნივერსიტეტები თვითონ გადაწყვეტდნენ, თუ რომელ იურიდიულ სტატუსს აირჩევდნენ. კვიტაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ რა საჭირო იყო ასე საჩქაროდ ამ საკითხის გადაწყვეტა:
“რატომ არის ასეთი საჩქარო? რა ხდება? ინგრევა უმაღლესი განათლება? უნივერსიტეტში დაქცეული სიტუაციაა? ფინანსური პრობლემებია, თუ რა ხდება საერთოდ? დაახლოებით 30 პროცენტით არის გაზრდილი უნივერსიტეტის ბიუჯეტი საკუთარი შემოსავლების საფუძველზე, აქ არავითარი პრობლემა მმართველობის და აუცილებლობა იმის, რომ რადიკალური ცვლილებები შემოიტანონ, არ არის”, – განაცხადა მან.
