ახალი ამბები

არჩევნები კატალონიაში – დამოუკიდებლობის მომხრეებმა პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვეს

22 დეკემბერი, 2017 • 1715
არჩევნები კატალონიაში – დამოუკიდებლობის მომხრეებმა პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვეს

წინასწარი მონაცემებით, კატალონიის რეგიონული არჩევნების შედეგად, კატალონიის პარლამენტში იმ პარტიებმა მოიპოვეს უმრავლესობა, რომლებიც რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს.

BBC–ის ცნობით, ესპანეთიდან გამოყოფის მომხრე პარტიებმა- “ერთად კატალონიისთვის”, “მემარცხენე რესპუბლიკელები კატალონიისთვის”, “სახალხო ერთობა” – კატალონიის რეგიონული არჩევნების შედეგად 70 ადგილი მიიღეს 135-წევრიან პარლამენტში.

არჩევნებში მოქალაქეთა აქტიურობა 80% იყო, რაც კატალონიის რეგიონული არჩევნებისთვის რეკორდია.

კატალონიიდან ბრიუსელში გაქცეულმა პრეზიდენტმა, კარლოს პუჩდემონმა არჩევნების შედეგი “კატალონიის რესპუბლიკის” გამარჯვებად შეაფასა.

პარტიამ “მოქალაქეები” არჩევნებში ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა, 25% მიიღო. “მოქალაქეებს” კატალონიის პარლამენტში 37 მანდატი  ექნებათ. “მოქალაქეების” ლიდერმა, ინეს არიმადასმა განაცხადა, რომ მისი პარტია გამარჯვებულია და კოალიციური მთავრობის შექმნაზე “იმუშავებენ, თუმცა რთული იქნება”.

The Guardian–ის ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ესპანეთში კატალონიის დარჩენის მომხრე “მოქალაქეებმა” ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მათ გაუჭირდებათ პარლამენტში კოალიციური მთავრობის შექმნა, რადგან საკანონმდებლო ორგანოში ერთიანობის მომხრე პარტიებმა მთლიანობაში 57 ადგილი მიიღეს.

გამოცემის ინფორმაციით, ესპანეთის მმართველმა “სახალხო პარტიამ” 4 მანდატი მიიღო, მაშინ, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში მათ 11 მანდატი ჰქონდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი