“ეს თემა პერიოდულად, სამ–ოთხ თვეში აქტიურდება ხოლმე და გააქტიურებულია ახლაც. სტალინის ძეგლის ძველ ადგილას, გორის გამგეობის წინ დაბრუნება არ შეიძლება. ეს საქმე გორის მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტი იყო და არის ახლაც. ჩვენ, ერთადერთი, რჩევები შეგვიძლია მივცეთ”, – აცხადებს ოდიშარია.
თუმცა 17 ივლისს სწორედ კულტურის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა მიწერა წერილი გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელშიც აღნიშნა, რომ სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს სტალინის ძეგლის დადგმას გორში, მისი მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გურამ ოდიაშარიას თქმით, ცოტა ხნის წინ ის იმყოფებოდა ბალტიისპირეთის ერთ–ერთ ქვეყანაში, სადაც ერთი ადგილი არის გამოყოფილი ბაღში და სტალინის და ლენინის ძეგლიც დგას:
“ეს სხვა შინაარსით არის დატვირთული. შესაძლოა ასეთი ადგილის გამოყოფა ყოველთვის. მათ ძეგლების მუზეუმი გააკეთეს და თქვეს, რომ ეს არის ჩვენი გავლილი ისტორია, რომელშიც იყო სტალინიც, ძერჟინსკიც და ასე შემდეგ. რაც შეეხება სტალინის ძეგლის გორში დადგმას, ეს კულტურის სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის. ეს არის ჩვენი რჩევები. მე ბალტიისპირეთის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ გორელებმა შესაძლოა გამოყონ ადგილი, სადაც არა მარტო სტალინის, არამედ სხვების ძეგლებიც დაიდგმება, რომელიც დაიტვირთება სხვა შინაარსით და ასე შემდეგ. საინტერესოც იქნება. ბალტიისპირეთში მე ძალიან ბევრი უცხოელი ვნახე, რომლებიც მიდიან და უყურებენ ამ ყველაფერს. თქვენ იცით, რომ ნერონმა გადაწვა რომი, მაგრამ ნერონის ქანდაკება დღეს დგას რომში. მე გორში ვიყავი და იქ ხალხის განწყობა, რომ ძეგლი ძველ ადგილას დაბრუნდეს, არ იყო, არის რამდენიმე ათეული ადამიანი, უფრო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, რომლებიც ამას ითხოვენ, მაგრამ მსგავსი განწყობა არ არის.”
ოდიშარის განცხადებით, საქართველოში მოვიდა დრო იმისათვის, რომ შესწავლილ იქნას საზოგადოებრივი აზრი სტალინის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, უნდა ჩატარდეს გამოკითხვა, როგორც გორში, ასევე, მთელ საქართველოში იმისათვის, რომ ბოლო–ბოლო დადგინდეს და წერტილი დაესვას სტალინის ფენომენს, თუ ვინ იყო იგი.
“[შეიძლება ჩატარდეს] კარგად მოფიქრებული, კარგად მომზადებული სოციოლოგიური გამოკითხვები და ვთქვათ, ვინ იყო სტალინი, მისი როლი საერთოდ ისტორიაში. საჭიროა ამის გაკეთება იმიტომ, რომ ხომ ხედავთ, სტალინის ძეგლთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. არის ხალხი, ვინც ითხოვს, რომ ძეგლი დაიდგას, დაბრუნდეს მოედანზე, არის ხალხი, რომელიც სულ სხვა რამეს ითხოვს. ამიტომ რაღაცებს უნდა დაესვას წერტილი, ისევე როგორც დასავლეთში წერტილი აქვს დასმული და ყველამ იცის ჰიტლერის ფენომენი, თუ ვინ იყო და ყველაფერი განსაზღვრულია”, – ამბობს მინისტრი “ნეტგაზეთთან” საუბარში და დასძენს, რომ სტალინის ფენომენთან დაკავშირებით მსგავსი წერტილი დასმული არ არის.
“სტალინზე არ არის და ეს საზოგადოების მსჯელობის საგნად უნდა იქცეს. ჩემი აზრით, [სტალინი] იყო უზარმაზარი დიდი, მასიური იდეოლოგიის ხელმძღვანელი, პირველი პირი, ისევე როგორც ჰიტლერი, ამიტომაც მოხდა ამ ორი დიდი იდეოლოგიის ბრძოლა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი მოიცვა. სტალინი არის უზამრაზარი პიროვნება, ისევე როგორც ნერონი ვახსენე მე, ისტორია მას ვერ გაექცევა, სტალინის სახელი ვერ ამოიშლება, მაგრამ ანტიგმირია”.
