ახალი ამბები

მიქაელ ბოტკოველი: ამ წუთში პატრიარქს BMW–ს ტიპის მანქანა ჰყავს, რომელიც კერძო კომპანიამ აჩუქა

30 ივლისი, 2013 •
მიქაელ ბოტკოველი: ამ წუთში პატრიარქს BMW–ს ტიპის მანქანა ჰყავს, რომელიც კერძო კომპანიამ აჩუქა

როგორც ბოტკოველმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მას არც იმის დადასტურება შეუძლია, ნამდვილად გადაეცა თუ არა ეს მანქანა საპატრიარქოს:

 

მიქაელ ბოტკოველი
მიქაელ ბოტკოველი

“ამბობენ, რომ საპატრიარქოს შეწირეს მანქანა? მე ნამდვილად არ მაქვს ეს ინფორმაცია, შეიძლება შეწირეს, შეიძლება არც შეიწირეს. მე კონკრეტულად არ ვიცი, ალბათ, თუ ასეთ ძვირადღირებულ მანქანას აჩუქებდნენ, ალბათ საპატრიარქოსთვის და პატრიარქისთვის უნდა ეჩუქებინათ, მაგრამ ამ წუთში პატრიარქი სარგებლობს, ან მიიღო თუ არა საერთოდ ეს მანქანა, ამის დადასტურება მე არ შემიძლია.

 

…მე ვიცი, რომ ამწუთში პატრიარქს BMW–ს ტიპის მანქანა ჰყავს, თუ არ ვცდები, 735 თუ 750… მერსედესზე არ ვიცი, BMW ნამდვილად ვიცი, ეს კერძო კომპანიამ აჩუქა საპატრიარქოს რამდენიმე თვის წინ. შეიძლება არის ეს მერსედესიც, მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. მე პატრიარქის პარკი არ ვიცი, 3 თუ 4 მანქანაა კორტეჟში და რა მანქანით გადაადგილდება, არ ვიცი”, – განაცხადა ბოტკოველმა.

 

პატრიარიქის მდივნის თქმით, როდესაც ვიღაც სურვილს გამოთქვამს, რომ საპატრიარქოს რაღაც შეწიროს, მისთვის უცნობია, თუ როგორ უნდა შეზღუდონ ის თავის გადაწყვეტილებაში:

 

“ამას წინათაც იგივე თემამ წამოიწია, რომ ეპარქიებისთვის ვიღაცას რაღაც თანხა ჩაურიცხია… ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებით  ჩვენ. ახლა ადამიანი მოდის და ამბობს, უნდა, რომ შეწიროს… მაგალითად, ტაძრის მშენებლობა, მეც ვარ ერთ–ერთი ტაძრის წინამძღვარი, ვიღაც მოსულა და რაღაც თანხა შეუწირია. ახლა ამ ადამიანს ვერ ვეტყვი, საიდან გაქვს ეს ფული და ხელფასის ცნობა მომიტანეო. ამას ხომ ვერ ვეტყვი?! ადამიანი ამბობს, რომ უნდა შეწიროს.  ჩვენ არც ასეთი სამსახურები გვაქვს, რომ მოვიკვლიოთ, თუ საიდან აქვთ მათ ეს თანხა. თუ ადამიანი წირავს და ამის სურვილი აქვს, არ ვიცი, როგორ უნდა შეზღუდო ადამიანი ამ გადაწყვეტილებაში, მე ეს არ მესმის”, – აღნიშნა ბოტკოველმა.

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შსს–ში 2011–2012 წლებში ჩატარებული ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის მიხედვით ირკვევა, რომ 2012 წლის ივლისის თვეში სამინისტრომ საპატრიარქოსთვის 110.0 ათასი ევროს ღირებულების ავტომობილი შეიძინა.

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, საუბარია მერსედეს S500-ის მარკის ავტომობილზე:

 

“სამინისტროს მიერ დაუგეგმავად და შესაბამისი არგუმენტაციის გარეშე შესყიდულია ძვირადღირებული ავტომანქანა, რომელიც სხვა ორგანიზაციაზეა გადაცემული, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ შესყიდვების განხორციელების აუცილებლობასაც, რადგან ასეთ ოპერაციებს სამინისტროს ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კერძოდ: 2012 წლის 9 ივლისს კვლავ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, შპს „აკასთან“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დაიდო ხელშეკრულება N561, ერთი ერთეული „მერსედეს S500-ის“ მარკის ა/მ-ის შესყიდვის შესახებ. აღნიშნული ა/მ-ის ღირებულება შეადგენდა 110.0 ათას ევროს.

 

შპს „აკას“ მიერ იმავე დღეს იქნა მოწოდებული ეს ა/მ, რისთვისაც 11 ივლისს გადაერიცხა 224.3 ათასი ლარი. მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებით, აღნიშნული ა/მ შესყიდულია საქართველოს საპატრიარქოსათვის და მას გადაეცა კიდეც. აქედან გამომდინარე, სამინისტროსათვის ამ შესყიდვის განხორციელების არანაირი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

 

ამ პერიოდში შს მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაია მუშაობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი