ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სპექტაკლზე, რომელსაც ალიევის შვილი ესწრებოდა, ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა არ შეუშვეს

20 დეკემბერი, 2017 •
სპექტაკლზე, რომელსაც ალიევის შვილი ესწრებოდა, ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა არ შეუშვეს

გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა არ დაუშვეს ბაქოში გამართულ სპექტაკლზე, რომელსაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შვილი, ლეილა ალიევა ესწრებოდა.

სპექტაკლის მონაწილეები არჩევანის წინაშე დააყენა აზერბაიჯანის პირველი ლედისა და ვიცეპრეზიდენტის, მეჰრიბან ალიევიას თანაშემწემ, იუსიფ მამედალიევმა.

“სპექტაკლზე მოწვევა მქონდა, თუმცა შენობის შესასვლელთან უკვე მელოდა იუსიფ მამედალიევი, პირველი ლედის თანაშემწე, რომელიც დაიმუქრა, თუ შევიდოდი თეატრში, სპექტაკლს გააუქმებდნენ. ამიტომაც ხმაურის გარეშე დავტოვე ტერიტორია. ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ამ ყველაფრის თვითმხილველები გახდნენ, ასევე, წამოვიდნენ სკანდალის გარეშე, რათა არ ჩაგვეშალა სპექტაკლი”, – წერს ხადიჯა ისმაილოვა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

სპექტაკლში ƏSA [ადამიანები და თაგვები]  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები მონაწილეობენ. იმის გამო, რომ დასს საკუთარი შენობა არ გააჩნია, წარმოდგენას ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობაში მართავდა. 

ხადიჯა ისმაილოვა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. 2014 წელს ის ფალსიფიცირებული ბრალდებებით დაახლოებით წელიწადნახევრით დააკავეს. ამჟამად ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანიდან ვერ გადის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი