ახალი ამბები

იზორიას თქმით, ჯაველინის სისტემის საქართველოსთვის მიყიდვას მხარი კონგრესმაც დაუჭირა

20 დეკემბერი, 2017 •
იზორიას თქმით, ჯაველინის სისტემის საქართველოსთვის მიყიდვას მხარი კონგრესმაც დაუჭირა

ლევან იზორიას განცხადებით, აშშ-ის კონგრესმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება ჯაველინის სისტემის საქართველოსთვის გადაცემის საკითხზე. როგორც იზორიამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოაა.

“მინდა ყველას მოგილოცოთ”, – თქვა იზორიამ და დასძინა, რომ ეს საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების აღიარებაა.

იზორიას თქმით, ჯაველინების საკითხზე ამერიკულ მხარეს პირველად მარტში მიმართა და სისტემის გადაცემის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები იყო.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვის შესახებ. ეს ეხება ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას, რომლის ღირებულებაც 75 მილიონი დოლარია.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მათ 17 ნოემბერს გასცეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, კონგრესს შესაძლო გაყიდვის შესახებ ეცნობა. სააგენტოს ცნობითვე, საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ტრანსპორტირების, ლოჯისტიკის და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით, შესყიდვის ჯამური ღირებულება 75 მილიონი დოლარია.

სააგენტოს ცნობით, ჯაველინი გაზრდის საქართველოს შესაძლებლობას, ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელ საჭიროებებს გაუმკლავდეს. სააგენტო ასევე აცხადებს, რომ საქართველოსთვის არ იქნება რთული, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ამ სისტემის ინტეგრირება მოახდინოს. ასევე, ამ მიყიდვით რეგიონში საბაზისო სამხედრო ბალანსი არ შეიცვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი