ახალი ამბები

თბილისში მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ – მერია

20 დეკემბერი, 2017 • 1961
თბილისში მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ – მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის 20 დეკემბრის სხდომაზე განაცხადა, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქში პირველ ეტაპზე 14 ქუჩა გამოიყოფა, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.

კახა კალაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან ერთად აღნიშნული გეგმის შემუშავებისთვის მერიის შესაბამის სამსახურებს მადლობა გადაუხადა. მერიაში აცხადებენ, რომ ამ ქუჩების ჩამონათვალი ჯერ არაა დადგენილი.

„გამოიყოფა 14 ქუჩა, სადაც ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერონ. დღეს მიკროავტობუსები ნებისმიერ ადგილზე ჩერდებიან და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, ქუჩებზე გადარბიან. ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ თავს, ასევე, მძღოლებსაც. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურებს სთხოვა, აღნიშნული საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე, კონკრეტულ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი