ახალი ამბებიხელოვნება

თეატრალური პრემია “დურუჯის” 2017 წლის გამარჯვებულები

19 დეკემბერი, 2017 • 4320
თეატრალური პრემია “დურუჯის” 2017 წლის გამარჯვებულები

19 დეკემბერს კულტურის სამინისტროში თეატრალური პრემია “დურუჯის” რიგით მეცხრე დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის მთავარი ჯილდო დავით დოიაშვილმა “ბალიშის კაცუნასთვის” მიიღო. დავით დოიაშვილს 14 ათასი ლარი გადაეცემა.

წელს პრემია 5 ნომინაციაში გაიცა , მათ შორის, საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის, საუკეთესო სცენოგრაფისთვის, საუკეთესო ქალი და კაცი მსახიობისთვისა და საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესისთვის. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ცერემონიიდან ნომინაცია “საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი” მოიხსნა. როგორც ჟიურის ერთ-ერთი წევრი, თეატრმცოდნე თამარ  ბოკუჩავა განმარტავს, ამის მიზეზი  აპლიკანტების მხრიდან პრეტენზიები გახდა. ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ მონაწილეებს შორის ხშირი იყო ჯილდოების გადანაწილების კრიტიკა. მათი თქმით, “საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის” ნომინაციით  კონკურსში ასაკობრივი შეზღუდვა შემოდიოდა.

რაც შეეხება სხვა გამარჯვებულებს, საუკეთესო თანამედროვე პიესის ავტორად თამთა მელაშვილი (“გათვლა”) დასახელდა, ხოლო საუკეთესო ქალი და კაცი მსახიობის ჯილდო ნატკა კახიძემ ( “კატარინა ბლუმის შელახული ღირსება”) და კახა კინწურაშვილმა (“ბალიშის კაცუნა”) მიიღეს. 2017 წლის საუკეთესო სცენოგრაფის წოდება კი თამარ ოხიკიანმა (“ორკესტრის ტიტანიკი”) მიიღო. მათ ჯილდოსთან ერთად ფულადი პრემია – 2 000 ლარი  გადაეცათ.

“დურუჯი” პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც უკვე მე-9 წელია, რაც იმართება. 2017 წელს , ჯამში, 18 თეატრის 33 განაცხადი იქნა შეტანილი. ფარულ კენჭისყრით, 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური 21 ნომინანტის შორის ირჩევდა გამარჯვებულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი