“სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ იყო საფუძველი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების საპატიმრო ღონისძიების ქვეშ ყოფნის თაობაზე. ძირითად არგუმენტაციას წარმოადგენდა ის, რომ აღარ იყო საფუძველი, რასაც ბრალდება ეყრდნობოდა, რომ ისინი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. მოგეხსენებათ, მათ შეჩერებული აქვთ სამსახურეობრივი უფლება–მოსილება თბილისის მთავრობის დადგენილებით. ასევე, ვინაიდან საქმეზე, ფაქტობრივად, ამოწურულია ყველა საგამოძიებო მოქმედებები, აღარ არის საფრთხე, რომ ზეწოლა მოხდება მოწმეებზე და მტკიცებულებების შეგროვებაზე,”–განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.


ბრალდებულების 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. 

 

თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე 27 ივნისს დააკავეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა. გამოძიება მათ ედავება საბიუჯეტო სახსრების, 48  930 822 ლარის გაფლანგვას. მათ გარდა, ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და  მესამე ნაწილით წაყენებული აქვს თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი საბანაძეს, რომელიც მიმალვაშია და დაუსწრებლად აქვს შეფარდებული პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით.


დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები 27 ივნისს, როდესაც საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, თბილისის მერიის და საკრებულოს 30-მდე თანამშრომელთან ერთად, დააკავეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა და მალევე გაათავისუფლეს, თუმცა დღის ბოლოს ისინი ისევ დააკავეს და ბრალი წარუდგინეს, რის შემდეგაც რუსთავის სასამართლომ მათი დაკავების დროს პროცედურული დარღვევები დაადასტურა, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *