ახალი ამბები

9 ევროპარლამენტარი ქართულ მხარეს მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

16 დეკემბერი, 2017 • 3648
9 ევროპარლამენტარი ქართულ მხარეს მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილი. ამის შესახებ 15 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ხელმომწერები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ. განცხადების ტექსტს “ევროპული საქართველო” ავრცელებს.

ევროპარლამენტარები ქართულ მხარეს მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ახსენებენ და მერაბიშვილის გათავისუფლებას აუცილებლად მიიჩნევენ.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის თანახმადაც, მასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლების კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია მისი „ფარული მიზნებით“ და „არაკეთილსინდისიერი მოტივით“ დაკავების გამო. გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო უსაფრთხოების დღევანდელ გარემოში, ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამონახოს საერთო ენა და იფიქროს ქვეყნის მომავალზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ”, – ნათქვამია ტექსტში.

განცხადების ხელმომწერები “რუსთავი2”-ის საქმესაც ეხებიან და აღნიშნავენ, რომ “საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზიის მფლობელობის შეცვლის მცდელობებს, რომლებმაც სხვადასხვა პარტნიორების, მათ შორის ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენლის შეშფოთება გამოიწვია”.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა და ლიბერალური პარტიის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი