ახალი ამბები

სამსახურის იარაღით გაქცეულ ციხის გუშაგს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

14 დეკემბერი, 2017 • 3064
სამსახურის იარაღით გაქცეულ ციხის გუშაგს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, რუსთავის N17 ციხის გუშაგი რიგითი ტ.ბ, რომელმაც თვითნებურად მიატოვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო, იმავე დღე დააკავეს, ხოლო მოგვიანებით პატიმრობა შეუფარდეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა, როცა რიგითმა საპატიო მიზეზის გარეშე, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, მიატოვა საგუშაგო და მიიმალა სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღით.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ტ.ბ. 5 დეკემბერსვე დააკავეს, ხოლო 7 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

[red_box]ბრალდება[/red_box]

სამინისტროს განცხადებით, ტ.ბ-ს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით.

პირველი მუხლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, ხოლო მეორე დეზერტირობას გულისხმობს, რასაც სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღის თან წაღება ამძიმებს. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, ახალგაზრდას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ტ.ბ. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2017 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. ამჟამად დაკავებული შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი