ახალი ამბები

ენმ-მ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

14 დეკემბერი, 2017 •
ენმ-მ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. როგორც პარტიაში აცხადებენ, ხვალიდან ხელმოწერების შეგროვება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება.

ენმ-ის წევრებმა ხელმოწერების შეგროვება დღეს თბილისში, ბუკიას ბაღთან და ავლაბრის მეტროსთან დაიწყეს. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, ხელმოწერების შეგროვების მთავარი მიზანია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იწყებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას, რომლის მთავარი მოთხოვნაც არის, შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილი პოლიტიკური დევნა. იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ, არანაირი კავშირი არ აქვს სამამართლოსთან და სამართლიანობასთან. ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების პირადი ანგარიშსწორება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

როგორც პარტიაში ამბობენ, ხელმოწერების შეგროვება ხვალიდან მთელ თბილისს მოიცავს, ხოლო შემდგომ რეგიონებშიც გადავლენ. თუმცა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუ რომელ უწყებაში შეიტანს პარტია შეგროვილ ხელმოწერებს.

“ამ ეტაპზე მთავარი მიზანია დავანახოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუ რამდენმა ადამიანმა გამოხატა მხარდაჭერა. ხვალიდან ხელმოწერების შეგროვება მთელი თბილისის მასშტაბით დაიწყება. ჩვენს წარმომადგენლებს სტენდები ექნებათ მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე. გარდა ამისა, იქნება “კარდაკარ გამოკითხვის” პრინციპი. მოსახლეობასთან თავად მივლენ პარტიის წარმომადგენლები და მათი სურვილის შესაბამისად, მათ შეეძლებათ ხელი მოაწერონ. გარდა ამისა, ხელმოწერების შეგროვება ონლაინ რეჟიმშიც გაგრძელდება,“ – განმარტავენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავდაპირველად 5 დეკემბერს დააკავეს, მის დასაკავებლად მის საცხოვრებელ სახლში სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა, თუმცა სააკაშვილმა სახლის სახურავზე ასვლა მოახერხა, ხოლო მოგვიანებით დაპატიმრებული სააკაშვილის მანქანით გაყვანა საცხოვრებელი სახლის ეზოდან სპეცდანიშნულების რაზმმა ვერ შეძლო, ვინაიდან ამის საშუალება მათ სააკაშვილის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

ამის შემდეგ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ დროს რადასთან ახლოს მოწყობილ კარვების ქალაქში იმყოფებოდა და მხარდამჭერებს მიტინგზე სიტყვით მიმართავდა.

მოგვიანებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურესდა და იგი იძულებული გახდა კარვების ქალაქი 8 დეკემბრიდან დაეტოვებინა. 8 დეკემბერს ღამით ის უკრაინელმა სამართალდმცავებმა იმ სახლში დააკავეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს აფარებდა. სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

10 დეკემბერს კიევში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტიის  – “ახალი ძალების მოძრაობის” ორგანიზებით. აქციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოითხოვეს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია (2004-2013). მან პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანა დატოვა და 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის არაერთი მუხლის მიხედვით იდევნება, მათ შორის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეებზე.

2016 წლის ნოემბერში ის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა. 2017 წლის ივლისში სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, მაშინ როცა ის უცხოეთში იმყოფებოდა. ამის შემდეგ სააკაშვილი გახდა აპატრიდი (მოქალაქეობის არმქონე პირი). 2017 წლის სექტემბერში მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა შეიყვანეს უკრაინაში. მას შემდეგ ის კიევში იმყოფება და მართავს საპროტესტო აქციებს პოროშენკოს წინააღმდეგ.

უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ბრალს სდებს ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან დაფინანსების მიღებაში მიტინგებისთვის, რომლის მიზანია უკრაინაში ხელისუფლების დამხობა.

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე 5 დეკემბერს ძებნა გამოაცხად უკრაინის სსკ 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის), მე-15 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მცდელობა)  28-ე  მუხლის მეორე ნაწილით (სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი).

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის გენერალურმა პროკურორმა 18 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარა. აღნიშნულ ბრალდებებს, პროკურატურის მიხედვით,110-ე (უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა) დაემატა.

სააკაშვილი წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი