ახალი ამბებისამართალი

სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე საკუთარი ადვოკატები მოხსნა

13 დეკემბერი, 2017 • 2763
სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე საკუთარი ადვოკატები მოხსნა

დღეს, 13 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადვოკატებმა, ბექა ბასილაიამ და დავით კაკოიშვილმა სააკაშვილის მოთხოვნით მისი დაცვა შეწყვიტეს.

“მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს ჩვენს მომსახურებაზე. მან მოხსნა ადვოკატები, რომლებიც ამ საქმეზე მას წარმოადგენდნენ… იგი მიიჩნევს, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ამაში ჩართულია უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები და ასევე მიმდინარეობს მის წინააღმდეგ დევნა უკრაინაში. მას სრული უნდობლობა აქვს სასამართლო სისტემის მიმართ,”- განაცხადა ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

სააკაშვილის დაცვას საზოგადოებრივი ადვოკატი გააგრძელებს. საქმის პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, შესაბამისი სხდომა მოსამართლემ ხვალ, 14 დეკემბერს დანიშნა.

“ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სასამართლო პროცესებს, დაინიშნება სახაზინო დამცველი. ხვალ, 11 საათზე, სავარაუდოდ, გამოცხადდება ის პირი, რომელიც შერჩეული იქნება, შესაბამისად განახორციელოს დაცვის უფლებები, ხოლო სასამართლო რა ვადას მისცემს ახალ დამცველს დასკვნითი სიტყვის წარმოსათქმელად, უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია,”- განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მხრიდან ეს იყო ტაქტიკური ნაბიჯი და ვადების გაწელვას ემსახურება.

სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი