ახალი ამბები

კალაძემ ეკოლოგიის სამსახურს მწვანე ნარგავების ჭრაზე საფასურის გაზრდა დაავალა

13 დეკემბერი, 2017 • 2295
კალაძემ ეკოლოგიის სამსახურს მწვანე ნარგავების ჭრაზე საფასურის გაზრდა დაავალა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შესაძლოა, მწვანე ნარგავების ჭრის საფასური გაიზარდოს. ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხა “არაადეკვატური და არასერიოზულია”.

“გამწვანების და ეკოლოგიის სამსახურს, ასევე მაია ბითაძეს მინდა დავავალო, რომ ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის საწყის ეტაპზე უშუალოდ ჩაერთოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მოხდეს მწვანე სივრცეების, პარკების, სკვერების ხარჯზე. როგორც ტრანსპორტის როლი არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია მწვანე ნარგავებიც,” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ისეთ პროექტებს, რომლებზეც ნებართვა უკვე გაცემულია, მაგრამ არ არის გადახდილი საკომპენსაციო თანხები, კახა კალაძემ გამწვანების სამსახურს დაავალა, რომ დაინტერესებულ პირს მოჭრის ნაცვლად მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა მოსთხოვონ:

“ინდივიდუალურად მოგიწევთ ამ სამუშაოს გავლა, ეს შრომატევადია, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი. უმოკლეს ვადებში მოამზადეთ სამართლებრივი ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში მოჭრის საკომპენსაციო თანხების რამოდენიმეჯერ გაზრდასთან დაკავშირებით. დღეს საშუალოდ, საკომპენსაციო თანხა ერთ ხეზე 700 ლარია, რაც ნამდვილად არაადეკვატური და არასერიოზულია. ვიცი, რომ კანონში ცვლილებებია საჭირო, ამიტომ დაიხმარეთ პარლამენტი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. შესაბამისად, შემოსული თანხები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მწვანე სივრცეების შექმნაზე, ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, სკვერების მოვლა-პატრონობაზე.”

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ამ საკითხზე უკვე დაიწყება მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი