ახალი ამბები

ლუცენკო: მზად ვართ FBI-ის ექსპერტები ჩავრთოთ სააკაშვილზე ჩანაწერების ნამდვილობის დასადგენად

12 დეკემბერი, 2017 •
ლუცენკო: მზად ვართ FBI-ის ექსპერტები ჩავრთოთ სააკაშვილზე ჩანაწერების ნამდვილობის დასადგენად

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ გაასაჩივრებს კიევის პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი ყოველგვარი სახის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გაათავისუფლა პატიმრობიდან. პროკურატურა სააკაშვილის შინაპატიმრობას ითხოვდა.

“არ ვეთანხმები სასამართლოს გადაწყვეტილებას ბატონი სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე. ვერ წარმომიდგენია, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, რომ ადამიანი-აპატრიდი, მოქალაქეობის არმქონე, იჭრება ძალის გამოყენებით ქვეყნის საზღვარზე. ამასთან, მისი თანმხლები პირები სცემენ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს,” – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ლუცენკო აცხადებს, რომ სააკაშვილი კურჩენკოს ფულით ორგანიზებას უწევდა “მოძრაობას ხელისუფლების დასამხობად”.

“ამის შემდეგ მან [სააკაშვილმა] მოახდინა ხელისუფლების დამხობის მიზნით მოძრაობის ორგანიზება, თანაც კურჩენკოს ფულით. მისი მარჯვენა ხელი [დანგაძე] იღებს ასობით ათას დოლარს, რაც აქ, უკრაინის ტერიტორიაზეა დაფიქსირებული. ეს მტკიცებულებები ჩვებ წარვუდგინეთ სასამართლოს, ამის მიუხედავად, მოსამართლემ ის გაათავისუფლა,” – განაცხადა ლუცენკომ.

მისივე თქმით, გენერალური პროკურორი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

“ემოციებისგან თავს შევიკავებ და ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. მზად ვართ დავამტკიცოთ, რომ ყველა ვიდეო, რომელიც ასახავს ფულის გადაცემას, ასევე, სააკაშვილის კურჩენკოსთან საუბარი არის ავთენტური. მზად ვართ, ჩავრთოთ FBI-ის ან სკოტლანდ-იარდის უცხოელი ექსპერტები იმისათვის, რომ მათ ჩვენს ექსპერტებთან ერთად შეამოწმონ ამ ფირების ნამდვილობა”, – განაცხადა ლუცენკომ.

11 დეკემბერს კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გაათავისუფლა პატიმრობიდან. უკრაინის პროკურატურას 5 დღის ვადა აქვს ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.


მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავდაპირველად 5 დეკემბერს დააკავეს, მის დასაკავებლად მის საცხოვრებელ სახლში სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა, თუმცა სააკაშვილმა სახლის სახურავზე ასვლა მოახერხა, ხოლო მოგვიანებით დაპატიმრებული სააკაშვილის მანქანით გაყვანა საცხოვრებელი სახლის ეზოდან სპეცდანიშნულების რაზმმა ვერ შეძლო, ვინაიდან ამის საშუალება მათ სააკაშვილის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

ამის შემდეგ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ დროს რადასთან ახლოს მოწყობილ კარვების ქალაქში იმყოფებოდა და მხარდამჭერებს მიტინგზე სიტყვით მიმართავდა.

მოგვიანებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურესდა და იგი იძულებული გახდა კარვების ქალაქი 8 დეკემბრიდან დაეტოვებინა. 8 დეკემბერს ღამით ის უკრაინელმა სამართალდმცავებმა იმ სახლში დააკავეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს აფარებდა. სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

10 დეკემბერს კიევში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტიის  – “ახალი ძალების მოძრაობის” ორგანიზებით. აქციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოითხოვეს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია (2004-2013). მან პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანა დატოვა და 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის არაერთი მუხლის მიხედვით იდევნება, მათ შორის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეებზე.

2016 წლის ნოემბერში ის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა. 2017 წლის ივლისში სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, მაშინ როცა ის უცხოეთში იმყოფებოდა. ამის შემდეგ სააკაშვილი გახდა აპატრიდი (მოქალაქეობის არმქონე პირი). 2017 წლის სექტემბერში მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა შეიყვანეს უკრაინაში. მას შემდეგ ის კიევში იმყოფება და მართავს საპროტესტო აქციებს პოროშენკოს წინააღმდეგ.

უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ბრალს სდებს ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან დაფინანსების მიღებაში მიტინგებისთვის, რომლის მიზანია უკრაინაში ხელისუფლების დამხობა.

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე 5 დეკემბერს ძებნა გამოაცხად უკრაინის სსკ 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის), მე-15 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მცდელობა) და 28-ე მუხლის მეორე ნაწილით (სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი).

სააკაშვილი წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს და აბსურდულ უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი