ახალი ამბები

სააკაშვილი: შემეძლო სახურავიდანაც მომეწყო მიტინგები, მაგრამ უნდა ვიმოძრაოთ ქვეყანაში

11 დეკემბერი, 2017 • 2918
სააკაშვილი: შემეძლო სახურავიდანაც მომეწყო მიტინგები, მაგრამ უნდა ვიმოძრაოთ ქვეყანაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშანია იმისა, რომ მათ სისტემა ერღვევათ.

“ერღვევათ სისტემა, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი. შემეძლო სახურავიდანაც მომეწყო მიტინგები, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ ქვეყანაში, უნდა ვიმუშაოთ. მოსამართლემ, მიუხედავად ზეწოლისა პრეზიდენტის მხრიდან, მიიღო სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება. დღეს რაც მთავარია, მთელი უკრაინის სპექტრი იყო აქ. აქ იყვნენ ჩემს გვერდზე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, ყველა დაგვიდგა გვერდით”, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა კურიერს.

კითხვაზე, თუ რა გეგმები აქვს სამომავლოდ, სააკაშვილი ამბობს, რომ საჭიროა ხალხის მობილიზება იმის ფონზე, რომ მას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს მოქალაქეებმა.

“გუშინ ჩემს მხარდასაჭერად შეიკრიბა იმდენი ათეულ ათასი ადამიანი, ჩემი კი არა, თავისი თავის მხარდასაჭერად, კარგი შანსია, რომ მოვახდინოთ ამ ხალხის კონსოლიდაცია და გავიმარჯვოთ, უკრაინაში ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ იმითაც, რომ საქართველო დარჩეს აუცილებლად გამარჯვებული”, – ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურამ გააგრძელოს მუშაობა მის წინააღმდეგ, თუმცა ამბობს, რომ თუ კიდევ მიმართავენ სასამართლოს მისი დაპატიმრების მოთხოვნით, ამით უფრო მეტ ხალხს გამოიყვანენ.

დღეს, 11 დეკემბერს, კიევის პეჩორის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა არ შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავდაპირველად 5 დეკემბერს დააკავეს, მის დასაკავებლად მის საცხოვრებელ სახლში სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა, თუმცა სააკაშვილმა სახლის სახურავზე ასვლა მოახერხა, ხოლო მოგვიანებით დაპატიმრებული სააკაშვილის მანქანით გაყვანა საცხოვრებელი სახლის ეზოდან სპეცდანიშნულების რაზმმა ვერ შეძლო, ვინაიდან ამის საშუალება მათ სააკაშვილის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

ამის შემდეგ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ დროს რადასთან ახლოს მოწყობილ კარვების ქალაქში იმყოფებოდა და მხარდამჭერებს მიტინგზე სიტყვით მიმართავდა.

მოგვიანებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და იგი იძულებული გახდა კარვების ქალაქი 8 დეკემბრიდან დაეტოვებინა. 8 დეკემბერს ღამით ის უკრაინელმა სამართალდამცავებმა იმ სახლში დააკავეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს აფარებდა. სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

10 დეკემბერს კიევში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტიის  – “ახალი ძალების მოძრაობის” ორგანიზებით. აქციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოითხოვეს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია (2004-2013). მან პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანა დატოვა და 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის არაერთი მუხლის მიხედვით იდევნება, მათ შორის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეებზე.

2016 წლის ნოემბერში ის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა. 2017 წლის ივლისში სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, მაშინ როცა ის უცხოეთში იმყოფებოდა. ამის შემდეგ სააკაშვილი გახდა აპატრიდი (მოქალაქეობის არმქონე პირი). 2017 წლის სექტემბერში მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა შეიყვანეს უკრაინაში. მას შემდეგ ის კიევში იმყოფება და მართავს საპროტესტო აქციებს პოროშენკოს წინააღმდეგ.

უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ბრალს სდებს ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან დაფინანსების მიღებაში მიტინგებისთვის, რომლის მიზანია უკრაინაში ხელისუფლების დამხობა.

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე 5 დეკემბერს ძებნა გამოაცხად უკრაინის სსკ 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის), მე-15 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მცდელობა) და 28-ე მუხლის მეორე ნაწილით (სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი).

სააკაშვილი წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს და აბსურდულ უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი