ახალი ამბები

სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია თბილისში, უკრაინის საელჩოსთან

11 დეკემბერი, 2017 • 2064
სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია თბილისში, უკრაინის საელჩოსთან

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან “ნაციონალური მოძრაობა” კიევში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები უკრაინის ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს, კერძოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებენ და მის უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები და სააკაშვილის სასამართლო პროცესს მონიტორზე, პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარტიის მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ უცვლელია, თუმცა მოვლენათა განვითარების პროგნოზირება უჭირს.

“ლოგიკურია, რომ შევიკრიბეთ უკრაინის საელჩოსთან, რადგან სწორედ კიევში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მხარდამჭერებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის. ბუნებრივია, რთულია წინასწარ თქმა, თუ რა მოიხარშება ოლიგარქის ტვინში და რა სურს მას, გააკეთოს. ჩვენთვის ყველაზე მისაღებია, რომ სააკაშვილი უპირობოდ გათავისუფლდეს, სამართლიანობა მოითხოვს ამას. თუმცა, რას გადაწყვეტს პოროშენკო და მისი მარიონეტი გენერალური პროკურორი, ჩვენთვის უცნობია”, – განუცხადა უდუმაშვილმა “ნეტგაზეთს”.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა პარტიის წევრები კიევში ჩასვლას, უდუმაშვილმა თქვა, რომ სურვილი არსებობს, თუმცა საეჭვოა, მიეცემათ თუ არა მათ საზღვრის გადაკვეთის საშუალება.

“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, პარტია 12 დეკემბრიდან თბილისსა და რეგიონებში შეხვედრებს გეგმავს, სადაც საზოგადოებას სააკაშვილის საქმეზე მეტ ინფორმაციას მიაწვდიან. მისივე განცხადებით, აქტივობები მოვლენათა განვითარების შესაბამისად დაიგეგმება.

“… რომელ აღმკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს სასამართლო, პატიმრობას თუ შინაპატიმრობას, “ნაციონალური მოძრაობის” გეგმა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ხვალიდან დავიწყოთ ძალიან აქტიური მოქმედებები, მოვიცავთ თბილისსა და რეგიონებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ისტორიული მოვლენისადმი საზოგადოების ცნობიერება კიდევ უფრო ამაღლდეს.

…”ქართული ოცნება” გასულია სამართლებრივი სივრციდან, ისევე როგორც პოროშენკოს ხელისუფლება, და საზოგადოება დგას მეორე მხარეს. სწორედ ამ საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ და ავხსნათ, რასთან გვაქვს საქმე”.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს უკრაინაშიც, პეჩორის სასამართლოსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის აღმკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ. სასამართლო პროცესზე გადაწყდება, სააკაშვილს შეუფარდებენ შინაპატიმრობას თუ პატიმრობას. პროცესი კიევში შუადღისთვისაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი