ახალი ამბები

თეთრი ხმაურის მოძრაობა: 10 დეკემბრის აქციას მოშიმშილე პატიმრები შეუერთდებიან

9 დეკემბერი, 2017 • 1721
თეთრი ხმაურის მოძრაობა: 10 დეკემბრის აქციას მოშიმშილე პატიმრები შეუერთდებიან

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად დაგეგმილ ხვალინდელ აქციას მსჯავრდებულებიც შეუერთდებიან.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ აქციის დაწყების პარალელურად მსჯავრდებულები შიმშილობას დაიწყებენ. მათი რაოდენობა დახლოებით 10 მსჯავრდებულია, რომლებიც რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.

“დიდხანს ვაჩერებდით, ხშირად აპირებდნენ ხოლმე, ვაკავებდით, მაგრამ ახლა გადაწყვეტილი აქვთ, ხვალინდელ აქციას უერთდებიან და მოუწოდებენ პარლამენტს, რომ მიიღონ კანონპროექტი, ეს არის მათი მოთხოვნა”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

“თეთრი ხმაურის მოძრაობამ” ერთ-ერთი მსჯავრდებულის საპატიმროდან განხორციელებული ზარის ჩანაწერი გაავრცელა, სადაც იგი თანამოაზრეებთან ერთად დაგეგმილ შიმშილობაზე საუბრობს.

“არ შეიძლება ამდენი დრო იხილებოდეს კანონპროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის, არამედ ზოგადად საზოგადოებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ოდესღაც ყინული უნდა გალხვეს. თუ ეს მთავრობა რაღაცას აპირებს, დააჩქაროს… სოლიდარობის კუთხით ვაპირებთ შიმშილობას, რათა დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის და ჰუმანიზაციის მიმართულებით”, – ამბობს მსჯავრდებული.

ხვალ, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე თეთრი ხმაურის მოძრაობამ აქცია უნდა გამართოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით.

აქციის მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკების ქონა არ იქნება სისხლისამართლის დანაშაული, თუმცა გარკვეული სანქციები და შეზღუდვები შენარჩუნებული იქნება, კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება სხვადასხვა სერვისი, რომელიც იმუშავებს წამალდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი