ახალი ამბები

კახა კალაძე თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

8 დეკემბერი, 2017 • 3852
კახა კალაძე თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

დღეს, 8 დეკემბერს, “საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის” VI ეროვნული ასამბლეა გაიმართა, სადაც ახალ პრეზიდენტად თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს.

ასამბლეას ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის უკვე ყოფილი პრეზიდენტი, რუსთავის მერი დავით ჯიქია უძღვებოდა, ხოლო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ ორგანიზაციის მისიაზე, როლსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ეროვნულ ასამბლეაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ახალ პრეზიდენტად დელეგატთა უმრავლესობის ხმებით კახა კალაძე აირჩიეს, რომელიც NALAG-ს მომდევნო 3 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდა და ორგანიზაციაში თავის გეგმებზე ისაუბრა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა.

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დელეგატს, ვინც მხარი დამიჭირა. ძალიან საპასუხისმგებლოა, იყო თვითმმართველობების ასოციაციის პრეზიდენტი. ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ 2014 წლიდან მოყოლებული, თუმცა პრობლემები და გამოწვევები არსებობს. ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

მნიშვნელოვანია თვითმმართველობების გაძლიერება და დეცენტრალიზაცია. ზოგადად, ძლიერი თვითმმართველობები ქვეყნის გაძლიერებისთვის და წინსვლისთვის არის უმნიშვნელოვანესი. შესაბამისად, ამ მიმართულევით მოგვიწევს ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. მზად ვარ, ყველა თვითმმართველი ქალაქის არჩეულ მერთან თანამშრომლობისთვის, რომ ერთად განვახორციელოთ ის რეფორმები, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს თვითმმართველობის გაძლიერებისათვის,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და მონაწილეებს მიესალმნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენმდივანი ანდრეას კიფერი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი