ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხადიჯა ისმაილოვა 150 ათასი ევროს ოდენობის პრემიას ვერ იღებს

8 დეკემბერი, 2017 • 3178
ხადიჯა ისმაილოვა 150 ათასი ევროს ოდენობის პრემიას ვერ იღებს

გაეროს სპეციალური წარმომადგენლები აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან გამომძიებელი ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვასთვის საზღვარგარეთ გასვლის უფლების მიცემას და მის საბანკო ანგარიშზე ბლოკის მოხსნას მოითხოვენ.

აღნიშნული შეზღუდვის გამო ისმაილოვა ვერ გაემგზავრა შვედეთში, ფონდ Right Livelihood-ის ცერემონიაზე, სადაც მას “მამაცობისა და კორუფციის მხილებისთვის” 150 ათასი ევროს ოდენობით კუთვნილი პრემია უნდა აეღო.  

2017 წლის პირველ დეკემბერს ისმაილოვა სტოკჰოლმში ვიდეომიმართვით ჩაერთო და ცერემონიის მონაწილეებს აზერბაიჯანში შექმნილი პრესის თავისუფლების საკითხების შესახებ ესაუბრა.

“აზერბაიჯანმა უნდა გააუქმოს აკრძალვა გამომძიებელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას საზღვარგარეთ ვიზიტებზე და ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობა უნდა გააძლიეროს”, – ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა საკითხებში სპეციალური მომხსნებლის, დევიდ ქეის და მისი თანამომხსნებლის, მიშელ ფორსტის განცხადებაში.

გაეროს წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ხადიჯა ისმაილოვას საბანკო ანგარიშის ბლოკირების გამოც, რადგანაც ეს შეზღუდვა პრემიის ჩარიცხვას და, შესაბამისად, ჟურნალისტს საქმიანობაში ხელს უშლის.

თავად ხადიჯა ისმაილოვას გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუკი მას საბანკო ანგარიშზე წვდომის პრობლემა არ მოეხსნება, პრემიის თანხა საქველმოქმედო საქმიანობაში და აზერბაიჯანში კორუფციის გამოძიების მიზნით უნდა დაიხარჯოს.

“ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები ისმაილოვას მიმართ სამართლის ფარგლებს სცდება. ეს მის პროფესიულ საქმიანობას და ზოგადად ქვეყანაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკას აზიანებს”, – ნათქვამია გაეროს წარმომადგენელთა განცხადებაში.

ბოლოს აზერბაიჯანის სასამართლომ ისმაილოვას ქვეყნიდან გასვლაზე უარი 2017 წლის 17 ნოემბერს უთხრა. ამჟამად აღნიშნული საქმე სააპელაციო სასამართლოშია. ჟურნალისტი ასევე საქმეს აწარმოებს საბანკო ანგარიშის ბლოკირების საკითხზე.

ხადიჯა ისმაილოვა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. 2014 წელს ის ფალსიფიცირებული ბრალდებებით დაახლოებით წელიწადნახევრით დააკავეს. ამჟამად ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანიდან ვერ გადის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი