ახალი ამბები

დევნილების აქცია: არ გვინდა ნინო ბურჯანაძის კადრი ვახტანგ ყოლბაია!

22 ივლისი, 2013 • 1846
დევნილების აქცია: არ გვინდა ნინო ბურჯანაძის კადრი ვახტანგ ყოლბაია!

დევნილების აქცია
დევნილების აქცია

ამ დროისთვის “დევნილთა საინიციატივო საბჭოსა” და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ორგანიზებით, აქცია მიმდინარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სადაც დაახლოებით 50 ადამიანია შეკრებილი, პლაკატებით – “ჩვენ მხარს ვუჭერთ “ქართულ ოცნებას”! “არ გვინდა ნინო ბურჯანაძის კადრი ვახტანგ ყოლბაია!”.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის დიმიტრი ომანაძის განცხადებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დევნილების მსგავსად, 20 წლის განმავლობაში დევნილობაში იმყოფება: 

“აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არის უმოქმედო და არაფრის გამკეთებლი, მხოლოდ იმით არიან დაკავებულები, რომ თანამდებობები დაიკავონ. დევნილების ინტერესები არავის აინტერესებს. ბოლო პერიოდში აქ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტულება იყო მიღებული: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად მხოლოდ ერთადერთი კანდიდატურა იყო განხილული, ეს არის ვახტანგ ყოლბაია. ეს არაკონსტიტუციურია. პიროვნული დაპირისპირება ყოლბაიასთან ჩვენ არ გვაქვს, უბრალოდ, გვინდა დაცული იყოს კონსტიტუცია, მოიწვიონ უმაღლესი საბჭოს სხდომა და ეს ხარვეზი გამოასწორონ”, – აცხადებს ომანაძე.

აქციის მიზნად ორგანიზატორები აცხადებენ საზოგადოების ინფორმირებას” იმ ფარული პროცესების შესახებ, რაც საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებისგან დღემდე მალულად მიმდინარეობს. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წამყვანი პოზიციები უჭირავს “ფსევდოოცნებისტთა” ჯგუფს, რომლებიც ნინო ბურჯანაძისა და მისი წინასაარჩევნო კამპანიის აქტიური გამტარებლები არიან. ეს ფაქტი მათ მიერ ოსტატურად არის შენიღბული იმით, რომ ე.წ. “ბურჯანაძისტებმა” თავიანთ ფრაქციას დაარქვეს “ქართული ოცნება-ერთიანი საქართველო”, რაც სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა “ივანიშვილი-ბურჯანაძე”.

ვახტანგ ყოლბაია, ზაზა სოფრომაძე და ნინო ბურჯანაძე
ვახტანგ ყოლბაია, ზაზა სოფრომაძე და ნინო ბურჯანაძე

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეთა და აფხაზეთიდან დევნილთა უმეტესმა ნაწილმა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში ხმა მისცეს “ქართულ ოცნებას”:

“აქედან გამომდინარე, ყოვლად მიუღებელია საპრეზიდენტო არჩევნების წინ მსგავსი ოდიოზური კოალიციის შექმნა აფხაზეთის სტრუქტურის შიგნით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ არის საექსპერიმენტო პოლიგონი, რომ წინასაარჩევნოდ კონკურენტმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა კოალიცია შექმნან. ამით თავად “ქართული ოცნების” იმიჯი ილახება. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შიგნით ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” (ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი) ოპოზიციაში უდგას “ქართულ ოცნებას-ერთიანი საქართველოს” (ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერი). ამ უკანასკნელს სათავეში უდგას ბურჯანაძის პარტიის გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია და მისი რუხი კარდინალი გია გვაზავა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათივე განცხადებით, დღესდღეობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მუშაობა პარალიზებულია იმის გამო, რომ ვახტანგ ყოლბაია არაკონსტიტუციური გზით არის მოსული აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე: 

“არ გვინდა მეორე ბურჯანაძე აფხაზეთის მთავრობაში!” – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ისინი ამბობენ, რომ დღეს გამაფრთხილებელ აქციას მართავენ და თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი