ახალი ამბები

კალაძე ხაბეიშვილის ბრალდებებზე: ეს რომელია? წნევა რომ ჰქონდა და მერიაში ასულიერებდნენ?

7 დეკემბერი, 2017 • 8257
კალაძე ხაბეიშვილის ბრალდებებზე: ეს რომელია? წნევა რომ ჰქონდა და მერიაში ასულიერებდნენ?

თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლო განათებებთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს. ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ მერია მილანურ კომპანიას უკვეთავს განათებებს და შესაძლო კორუფციაზე საუბრობს.

კახა კალაძის განმარტებით, საახალწლო განათებებთან დაკავშირებით დავით ნარმანიას მერობის დროს გაფორმდა ხელშეკრულება მილანურ კომპანიასთან და ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით კითხვას თბილისის მერმა ასე უპასუხა:

“ეს რომელია? წნევა რომ ჰქონდა და ასულიერებდნენ მერიაში? კარგით, ხუმრობა იქეთ იყოს… მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მეტი გაკეთდება იმისთვის, რომ საახალწლო განათებები უფრო ეფექტური და ლამაზი იყოს. ჩვენი დედაქალაქი ყოველთვის იქნება საუკეთესო ქალაქებს შორის. საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ, როგორიც სჭირდება თბილისს და ჩვენს მოქალაქეებს, ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას გავუკეთებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება.”

დედაქალაქის მერის თქმით, მას აქვს ამბიცია, რომ თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და განათებული მსოფლიოს ყველა ქალაქს შორის. კახა კალაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებები აბსურდულია.

“მე მუშაობას შევუდექი ნოემბრიდან, ხოლო ეს ხელშეკრულება გაფორმდა, თუ სწორად მახსოვს, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. სწორი გადაწყვეტილება იყო. ზოგადად, კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას [ტენდერის გარეშე], თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 620 000 ევროს ღირებულების ხელშეკრულება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან კომპანიასთან გაფორმდა,” – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, გასულ წელს სწორედ ამ კომპანიამ გააფორმა საახალწლოდ ლონდონი და ყველამ აღიარა, რომ ინგლისის დედაქალაქი საუკეთესოდ იყო გაფორმებული:

“შესაბამისად, ჩვენც გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩემი ქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი და საუკეთესო.”

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მერიამ პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე, საახალწლო განათებებში 3 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო ხელშეკრულება მილანში დარეგისტრირებულ კომპანიას გაუფორმა:

“ეს ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, იტალიურ კომპანიასთან, რომელსაც საბანკო ანგარიშები “შემთხვევით” აქვს მილანში.”

ლევან ხაბეიშვილი საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, დაინტერესდნენ და გამოიძიონ, თუ ვინ შეარჩია მაინცდამაინც მილანში დარეგისტრირებული კომპანია სხვა მრავალ კომპანიებს შორის და რატომ ხდება სამჯერ მეტი თანხის გადარიცხვა თბილისის ბიუჯეტიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი