ახალი ამბები

გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს

6 დეკემბერი, 2017 •
გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, ხანძარი გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე ჩამქრალია.  ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ტერიტორიის მონიტორინგს განახორციელებს.

“ხანძრის ქრობის პროცესში 40-მდე მეხანძრე-მაშველი, 8 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო მონაწილეობდა.
პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა. ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სრულყოფილ ინსპექტირებას განახორციელებენ იმის დასადგენად, თუ რა მასშტაბის ზიანი მიადგა გარემოს და შედეგებიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შესაბამის ზომებს მიიღებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი