თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ
“სგანგაშოა ის სტატისტიკა, რაც მშენებლობებზე უსაფრთხოების ზომების დარღვევების შედეგად დამდგარ ფატალურ შედეგებს უკავშირდება. ძალიან ხშირად ვაწყდებით დარღვევებს მშენებლობის მიმდინარეობისას. ბოლო 5 დღის განმავლობაში ზედამხედველობის სასამსახურმა 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება, 50 მშენებარე ობიექტზე ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო საქმის წარმოება და ჯარიმების გამოწერა. ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება მშენებლობებზე და ხშირია, როდესაც ვისმენთ ადამიანების გარდაცვალების ფაქტებს. ყოველგვარი დაზღვევის, ყოველგვარი დაცვის გარეშე ადამიანები მუშაობენ სამშენენებლო ობიექტებზე და ეს ჩვენი გუნდისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი,” – განაცხადა კახა კალაძემ დღეს, 6 დეკემბერს გამართულ სხდომაზე.
მერმა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს დაავალა, რომ უმკაცრესაც გააკონტროლოს ყველა მშენებარე ობიექტი.
“ყველა ის დეველოპერი, რომელიც არ უზრუნველყოფს დადგენილი წესების დაცვას, კანონის წინაშე სათანადოდ და სამართლიანად აგებს პასუხს. ზედამხედველობის სამსახურის მითითებები თუ არ იქნება გათვალისწინებული, თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მშენებლობები გააჩეროთ. ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს”, -განაცხადა კალაძემ.