“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების შემდეგ პარტიაში ყველა სცენარისთვის მზად არიან, თუმცა, როგორც ბიბილაშვილი “რუსთავი 2-ისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, არ სურს მოვლენებს გაუსწროს და პროცესებს ყურადღებით აკვირდება.
ბიბილაშვილის თქმით, სააკაშვილის ექსტრადირებაზე უკრაინულმა მხარემ უარი უკვე არერთხელ თქვა, მას შემდეგ კი არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ პოროშენკო და ივანიშვილი გარიგდნენ, სააკაშვილის დაკავებაში კი უშუალოდ “ქართული ოცნებაა” ჩართული:
“მიხეილ სააკაშვილი გახლავთ აღმოსავლეთ ევროპაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტირუსული, ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი. ეს არის ადამიანი, რომლისაც ეშინია ყველა მოღალატეს, ყველა კორუფციონერს, ყველა ოლიგარქს. ამაში საერთო გამონახეს პროშენკომ და ივანიშვილმა. ისინი თანამშრომლობენ უკანონოდ, საკუთარი ხალხის ზურგს უკან რუსეთის და საკუთარი კორუფციული კლანების ინტერესებში. იმისთვის, რომ ეს ადამიანი, რომელიც ჩეულებრივი, უბრალო, კანონმორჩილი ხალხისთვის იბრძვის, რაღაცნაირად მოაშორონ პოლიტიკურ ავანსცენას.
ამაში უშუალოდ არის ჩართული “ქართული ოცნება”, ივანიშვილის რეჟიმი. მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ უკრაინამ მაშინ, სანამ ჯერ კიდევ საღ აზრზე იყო პოროშენკო, სამჯერ განაცხადა უარი სააკაშვილის გადმოცემაზე, რადგან ბავშვისთვისაც კი ნათელი იყო ის, რომ ამ მოთხოვნების უკან იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული. სამჯერვე უკრაინის მთავრობამ თქვა – არა, ბატონებო, არანაირი ექსტრადირება არ იქნება, ვინაიდან საქართველოში არის პოლიტიკური დევნა. ბუნებრივია, არაფერი არ შეცვლილა გარდა იმისა, რომ პოროშენკო და ივანიშვილი გარიგდნენ საკუთარი ხალხების ზურგს უკან” – ამბობს ბიბილაშვილი “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პარტია ყველა სცენარისთვის მზადაა, თუმცა ამ ეტაპზე ამჯობინებენ, მოვლენებს არ გაუსწრონ და პროცესებს თვალი ადევნონ:
“რაც შეეხება დღეს მიმდინარე მოვლენებს, მე არ მინდა წინ გაუვსწრო მოვლენებს. ჩვენ ძალიან ყურადღბით ვადევნებთ თვალს იმას, თუ რაც ხდება. ჩვენ შევხვდებით ყველანაირ სცენარს საქართველოში. რაც აშკარაა, ამით პოროშენკომ საკუთარ თავს გმაოუტანა განაჩენი. ის დღეს უკვე არის იანუკოვიჩი, ადამიანი, რომელიც საკუთრი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის. ის უფრთხის ოპოზიციას და აპატიმრებს პოლიტიკურ ოპოზიციას იმიტომ, რომ სხვა პასუხი ოპოზიციის მიმართ არ გააჩნია. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გავუსწროთ მოვლენებს, მაგრამ ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. ოლიგარქები მიიღებენ საკადრის პასუხს უკრაინელი და ქართველი ხალხისგან” – თქვა ბიბილაშვილმა “კურიერის” ეთერში.