საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ სკოლებში დანაშაულის პრევენციისთვის მანდატურის სამსახურის უფლებამოსილება გაიზრდება და სკოლის უსაფრთხოების მონიტორინგში პოლიციაც ჩაერთვება.
“დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია. პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება. ასევე, მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავებს შორის კოორდინირებული მოქმედება. გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლის უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
დღეს, 4 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ მანდატურის სამსახურის სრული შესწავლა მოხდება და მათი თანამშრომლობა პატრულთან გაღრმავდება. მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს შეხვდება ფსიქოლოგებსა და ბავშვების საკითხებზე მომუშავე ადამიანებს.
“სწორედ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ უკლებლივ ყველა სკოლა მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს და მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს:
- პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება; ასევე, მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება;
- ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია;
- გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ;
- ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო სერვისების უზრუნველყოფაზე. დაინერგება კონფლიქტების პრევენცია-მართვისა და მედიაციის პროგრამები;
- 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზი.
ქვეყნის ყველა სკოლის დასაფარად პროცესში ჩართული იქნებიან როგორც პროფესიონალები, ისე უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები.
მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე გუშინ, 3 დეკემბერს შეთანხმდნენ განათლების და შს მინისტრები. 1 დეკემბერს 51-ე საჯარო სკოლის 2 მოსწავლე მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებულები ასევე სკოლის მოსწავლეები არიან.