თბილისის მუნიციპალიტეტის 10 რაიონის გამგეობამ უფასო სასადილოებისთვის ტენდერები გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, ერთი ბენეფიციარისთვის 1 ლარი და 18 თეთრია გათვალისწინებული.
აღნიშნული ტენდერები 23 ნოემბერს გამოცხადდა და ჯერ არაა დასრულებული. შესაბამისად, არც გამარჯვებულია გამოვლენილი.
ტენდერების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანია ყოველდღე უნდა გაუმასპინძლდეს მოსარგებლეებს უფასო სასადილოთი, დღეში არანაკლებ 6 საათი უნდა იმუშაოს და ასევე, სასადილოები ახლოს უნდა იყოს გაჩერებებთან.
უფასო სასადილოებში ბენეფიციარებს 3–4 სახის საკვების მიღება შეუძლიათ, მაგალითისთვის ორშაბათისა და ოთხშაბათის მენიუ ასე გამოიყურება:
ორშაბათი
[checklist]
- მაწვნის შეჭამანდი 400 გრ.
- წიწიბურის ფანტია ფაფა – 150 გრ.
- ხილის კომპოტი – 200 გრ.
- ხორბლის პური – 250 გრ.
[/checklist]
ოთხშაბათი
[checklist]
- ბორშჩი ვეგეტარიანული – 400 გრ.
- მაკარონი ყველით – 35/200 გრ.
- ასკილის ნაყენი – 200 გრ.
- ხორბლის პური – 250 გრ.
[/checklist]
თბილისის მერია საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ნადირაძემ გააკრიტიკა. ნადირაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ენმ–მ კახა კალაძეს მიმართა, რომ გაეზარდათ თანხა უფასო სასადილოებისთვის, კალაძემ მაინც არ გაითვალისწინა ეს. ნადირაძემ განაცხადა, რომ უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი თანხა არსებულზე სამჯერ მეტი მაინც უნდა იყოს.
“მოვუწოდებთ, კახა კალაძეს დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს სამარცხვინო ტენდერები, სადაც ის აპირებს ამ კატასტროფულად გაუფასურებული ლარის და გაძვირებული პროდუქტების ფონზე, ისევ 1,18 ლარად გამოკვებოს [უფასო სასადილოს ბენეფიციარები]”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღმოუჩინონ, ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციის ბრალდებას.
კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, უფასო სასადილოების დაფინანსების კუთხით, მომავალი წლის ბიუჯეტში ცვლილებები არ იგეგმება.
„გამოყოფილ თანხებს რაც შეეხება, რაც წლევანდელ ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, ის თანხები დარჩება, თუმცა სამომავლოდ, თუ რაიმე ოპტიმიზაცია იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, თანხები ამ მიმართულებით მიიმართება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.