„ნაცარი შეიცავს ალუმინის ოქსიდს, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ეს არის საშიში სასუნთქი არხებისათვის, ჩათვალეთ, ეს არის საწამლავი”, – ამბობს თამაზ ვაშაკიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის წარმომადგენელი.
“ეს კანოპროექტი შეიქმნა ერთი კონკრეტული კომპანიის ინტერესის გამო – იმ კომპანიის, რომელიც ცდილობს კირნათი და შუახევის ჰესების აშენებას მდინარე ჭოროხზე. სწორედ ამიტომაა, რომ კანონპროექტის ავტორი არის არა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ან გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტრო, არამედ ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც, პრინციპში, არაფერ შუაში არ არის ნარჩენების ტრანზიტთან დაკავშირებულ საქმიანობასთან”, – აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი.
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ მალავს, რომ კანონპროექტი მათ უწყებაში სწორედ თურქული კომპანიის თხოვნით მომზადდა, რომელიც აჭარაში ჰესებს აშენებს.
“აჭარენერჯი 2007”-ის წარმომადგენლების განმარტებით, მდინარე ჭოროხს აქვს ჩამონატანი, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემას შეუქმნის შენობა–ნაგებობებს, კაშხალს, რომელიც აშენდება. მათ ამის გამო მოითხოვეს, რომ მოხდეს ამ ნაცრის შემოტანა. ეს შეერევა სამშენებლო მასალებში, უფრო მყარი იქნება და მდგრადი, რათა პრობლემები არ შეექმნას წლების განმავლობაში აშენებულ კაშხალს”, – განმარტავს კახა კალაძე.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, გია ცაგარეიშვილის განმარტებით, აქროლადი და მძიმე ნაცარი ჰიდრონაგებობებისთვის გამოიყენება:
“ამ ნივთიერებას ურევენ ცემენტში, რომ უფრო მდგრადი და მყარი იყოს შენობა–ნაგებობა.”
ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც ამ საკითხების განხილვას მიეძღვნა, ჰესების მშენელბლობასთან დაკავშირებულმა სპეციალისტებმა ცალსახად განაცხადეს, რომ ჰესების მშენებლობისას არ არის მიზანშეწონილი ასეთი ტიპის ნარჩენების გამოყენება:
“მათ თქვეს, რომ ტექნოლოგია, რომელიც ქართველმა ინჟინრებმა შეიმუშავეს ენგურჰესის მშენებლობის დროს, გაცილებით უკეთესი და უსაფრთხოა და არანაირ ნაცარს ის არ საჭიროებს.”
„აბსოლუტურად გაუგებარია რისთვის არის საჭირო ამ ნაცრის შემოტანა. ასეთი შემცველობის ნაცრები საქართველოში არის 4-დან 6 მილიონ ტონამდე. ჩვენ თავისულფად შეგვიძლია ჩვენი წიდებით და ნარჩენით ვაწარმოოთ ცემენტი,“ – აცხადებს თამაზ ვაშაკიძე.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ამ ნაცრის შემოტანა საქართველოში მანამდე დაშვებული იყო და 2010 წელს კანონი შეიცვალა კონკრეტული კომპანიის ინიცირებით:
“ეს იყო “ჰაიდელბერგ ცემენტი” და ამას არ დაგიმალავთ. მის ინტერესებში შედიოდა, რომ არ შემოსულიყო ეს ნივთიერება იმიტომ რომ ამ ნივთიერების ცემენტში შერევით, ცემენტი არის უფრო მდგრადი და ძალიან ბევრ სამშენებლო კომპანიას შეუძლია გამოიყენოს,” – აცხადებს კალაძე.
კომპანია “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის” გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი აცხადებს, რომ მათი პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს:
“კომპანია სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ წარმოებული ცემენტის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობაზე. რაც შეეხება აღნიშნული კანონპროექტის მიღების საკითხს, კომპანიის აზრით, ჰეს-ების მშენებლობისთვის არ არის აუცილებელი ამ კანონპროექტით გათვალისწინებული აქროლადი ნაცრის, რომელიც ნარჩენს წარმოადგენს, იმპორტის დაშვება, რადგან ჰაიდელბერგცემენტს შეუძლია აწარმოოს ჰეს-ების მშენებლობისთვის საჭირო სპეც. ცემენტები.”
ჰამპელის თქმით, აქროლადი ნაცარი ბეტონში ნაწილობრივ ანაცვლებს ცემენტს და შესაბამისად, აღნიშნული ნარჩენის იმპორტით ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ჩანაცვლება უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და სავაჭრო ბალანსზე.
“ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება „აჭარენერჯი 2007“-თან, რის საფუძველზეც ჰაიდელბერგცემენტი „აჭარენერჯ 2007“-ს სთავაზობს სპეც. ცემენტს, რომელიც მორგებული იქნება აღნიშნული ჰეს-ის მშენებლობისთვის.
“საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე „აჭარენერჯი 2007“-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წარმოადგენენ ლაბორატორიულ კვლევებს, რითაც დაადასტურებენ ნაცრის გამოყენების აუცილებლობას და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კაშხალი დაინგრევა. ეს ნიშნავს, რომ აქამდე რაც არის ჰაიდელბერგის ცემენტით აშენებული, იმის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა „აჭარენერჯი 2007“- ს, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა სოფო ვარშალომიძემ განგვიცხადა, რომ ამ ეტაპზე ისინი ამ საკითხზე რაიმე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს.
თამაზ ვაშაკიძის თქმით, აქროლადი და მძიმე ნაცრის იმპორტი მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის:
“ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონი რადიოაქტიური შემცველობის ტვირთების შემოტანისა და ტრანზიტის, სადაც წერია, რომ 370 არის ნორმა, ნაცარი შეიცავს 500-ს. შესაბამისად რადიაცია აიწევს. რაც ყველაზე მთავარია, ჰაიდელბერგცემენტის განცხადებით, მარტო ჰაიდელბერგი, რომელიც ორ მილიონ ტონამდე აწარმოებს წელიწადში, მაგას არა აქვს საშუალება, რომ პირდაპირ ტექნოლოგიური პროცესისთვის შემოიტანოს განსაზღვრული რაოდენობა ნაცრის. ანუ ნაცარი უნდა დაიდოს. როგორც კი ნაცარი იდება, ის ხდება აქროლადი ქართან ერთად. ნებისმიერ ადგილას, სადაც ის დაიდება გარემო იქნება დაბინძურებული პირველივე ნიავზე“.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს იმის თაობაზე, რომ ეს არის მავნე ნივთიერება:
“ნაცარი, რომლის შემოტანასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩვენმა სამინისტრომ გაიტანა, არის “ევროპის ენერგეტიკულ მწვანე ნუსხაში” შესული. არანაირი პრობლემა და არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, რომ ეს არის მავნე”.
საქართველოს რატიფიცირებული აქვს “ბაზელის კონვენცია სახიფათო ნარჩენების ტრანსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ”. ენერგეტიკის სამინისტრო კანონპროექტში, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებას “საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ კანონში”, მიუთითებს, რომ ბაზელის კონვენციასთან შესაბამისობაში იქნება, თუკი დაიშვება ნაცრის იმპორტი.
„ამ ტიპის ნარჩენი გარკვეულ რეგულაციას უნდა ექვემდებარებოდეს, იგივე ბაზელის კონვენციაც შეიცავს გარკვეულ მოთხოვნებს, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში ამ ტიპის ნარჩენების მართვა. საქმე ისაა, რომ საქართველოს ჯერ არა აქვს ეს მონიტორინგის სისტემა და ამ ეტაპზე შეუძლებელია, რომ გაკონტროლებული იქნას ინვესტორის მიერ ნარჩენის შემოტანისა და უსაფრთხო გამოყენების საკითხები: გარემოს დაბინძურების არიდება დასაწყობებისა და ტრანსპორტირების დროს, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საბინადრო გარემოზე შესაძლო ზიანის პრევენცია”, – განმატავს ირაკლი მაჭარაშვილი.
სწორედ მონიტორინგის და კონტროლის კუთხით პრობლემებიდან გამომდინარე არ მიიჩნევს მართებულად ამ კანონის მიღებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე. კანონპროექტის ამ ფორმით მიღებას არც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ეთანხმება, თუმცა საქართველოს პარლამენტმა 12 ივლისს ეს კანონი პირველი მოსმენით (62 ხმით 15-ის წინააღმდეგ) დაამტკიცა.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გია ცაგარეიშვილის თქმით, ეს კანონპროექტი პარლამენტში ენერგეტიკის სამინისტრომ 23 მაისს შეიტანა, მაგრამ იმის გამო, რომ მას იმთავითვე გამოუჩნდა ბლომად მოწინააღმდეგეები, კანონპროექტი კენჭისყრაზე 1.5 თვის შემდეგ გავიდა:
“პირვანდელი ვარიანტით ოთხი ნარჩენის დამატებაზე იყო საუბარი, მაგრამ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტში მხოლოდ ერთი ნარჩენი – ნაცარი დაემატება, რომლის იმპორტის დაშვებაზეა საუბარი,” – აცხადებს ცაგარეიშვილი.
ამას გარდა, მისივე თქმით, კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს პირობებს ამ ნარჩენის იმპორტიორებისთვის, ასევე, მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზნისთვის იქნება შესაძლებელი შემოტანილი ნაცრის გამოყენება.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველაფერში არ მოხდება ამ ნაცრის გამოყენება. დაწესდება რეგულაციები, რომელსაც სამინისტრო გასცემს. ჩვენ დაწყებული გვაქვს ამაზე მუშაობა, თუ როგორი ფომით იქნება ეს ყველაფერი. ვის შეეძლება და როგორ ამის გამოყენება”, – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სამინისტრო მხოლოდ ერთი კომპანიის – “აჭარენერჯი 2007”-ის ინტერესების გათვალისწინებით ითხოვს საკანომდებლო ცვლილებას.
“არადა, ამ კომპანიას – „აჭარენერჯი 2007“-ს ჯერ კირნათი ჰესზეც არ აუღია მშენებლობის ნებართვა. მოსახლეობა ძალიან წინააღმდეგია ამ პროექტის, რომელსაც საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს საქართველოს სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე. რაც მთავარია, თუკი ეს კანონი დამტკიცდა, კომპანია ვალდებული იქნება კიდევ ერთხელ მოამზადოს გზშ ანგარიში და შეიტანოს სანებართვოდ: კანონით ასეა განსაზღვრული, თუ ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება, გზშ თავიდან უნდა მოხდეს”, – განმარტავს ირაკლი მაჭარაშვილი.
იგი დარწმუნებულია, რომ უარყოფითი შეფასებების მიუხედევად, ენერგეტიკის სამინისტრო ლობირებს ამ კანონის მიღებას:
“ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ზემოქმედებას ახდენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესზე. თუ არა ზეწოლა ამ სამინისტროს მხრიდან, რით უნდა აიხსნას, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 4 ივლისს უარყოფითად შეფასებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენთ მიიღო?”
გია ცაგარეიშვილის თქმით, აჭარის წყლები მაღალი ჟანგიანობის ხარისხით გამოირჩევა, რის გამოც მნიშვნელოვანია ამ წყლებზე ჰესების მშენებლობისთვის მყარი კონსტრუქციების აშენება. ცნობილია, რომ აჭარაში თურქული კომპანიის გარდა, კიდევ ერთი მსხვილი ინვესტორი აპირებს ჰესების მშენებლობას. “TATA Group”-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის უშუალო ძალიხსმევით საქართველოში შემოსული ინვესტორია. ეს კომპანია აჭარაში 700 მილიონის დახარჯვას აპირებს ჰესების მშენებლობაში.
