ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მუხთარლი სასამართლო სხდომის შემდეგ: ეს არ არის პროცესი, ეს კომედიაა

30 ნოემბერი, 2017 • 3444
მუხთარლი სასამართლო სხდომის შემდეგ: ეს არ არის პროცესი, ეს კომედიაა

“ეს არ არის პროცესი, ეს კომედიაა”, ასე შეაფასა დღევანდელი სასამართლო პროცესი აზერბაიჯანში, თბილისიდან ბაქოში გატაცებულმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანის პროკურატურამ რამდენიმე ბრალდება წაუყენა, მათ შორის, აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და საზღვარზე 10,000 ევროს გადატანა.

პროცესზე მუხთარლის ადვოკატმა 9 შუამდგომლობა დააყენა, რომელთაგანაც მოსასართლემ მხოლოდ ერთი – აფგან მუხთარლის სასამრთლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა დააკმაყოფილა. დანარჩენი შუამდგომლობები იყო: ყველა ბრალდების გაუქმება; შინაპატიმრობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ნაცვლად; თითის ანაბეჭდების იდენტიფიცირების მიზნით იმ ფულის კუპიურების ექსპერტიზა, რომლის უკანონონოდ გადატანასაც მუხთარლის ედავებიან; საქართველოს სამართალდამცველი უწყებებისთვის საზღვარზე დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერების მოთხოვნა; ვიდეოკადრების ამოღება იმ ოთახიდან, სადაც აზერბაიჯანში ჩაყვანილი მუხთარლი პირველად ჰყავდათ გამოკეტილი.

როგორც ifact.ge წერს, მუხთარლი სასამართლო პროცესზე პროკურორის, გურბათ მამადოვის სიტყვით გამოსვლას რეპლიკებით პასუხობდა. როდესაც მოსამართლემ, ჰუმბარ სალიმოვმა ბრალდებულს პატივისცემის გამოჩენა მოსთხოვა, მუხთარლიმ უპასუხა, რომ მოსამართლე თავად არ იჩენდა პატივისცემას, რადგან არ გაეცნო საქმის მასალებს – “თქვენ მოჰკიდეთ ხელი ამ საქაღალდეს, აქ მოხვედით და იტყუებით,” – მიმართავდა მუხთარლი მოსამართლეს.

ბალაკანის სასამართლო მუხთარლის საქმეს 14 დეკემბერს კვლავ განიხილავს.

6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

აფგან მუხთარლის ცოლი, ასევე გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი