ახალი ამბები

გინესმა უძველესი ღვინო საქართველოდან რეკორდების წიგნში შეიტანა

30 ნოემბერი, 2017 • 4353
გინესმა უძველესი ღვინო საქართველოდან რეკორდების წიგნში შეიტანა

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი, დაახლოებით 8000 წლის წინ დამზადებული ღვინის ნალექი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა და მას მსოფლიოში უძველესი ღვინის სტატუსი მიენიჭა.

გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეისწავლეს ღვინის ქიმიური ნაკვალევი, რომელიც აღმოჩენილი იყო თბილისიდან დაახლოებთ 50 კილომეტრში, გადაჭრილის გორასა და შულავერის გორის არქეოლოგიური სამუშაოების დროს. თიხის ჭურჭლი, სადაც ღვინის ნაკვალევი აღმოაჩინეს, ადრენეოლითურ პერიოდშია დამზადებული და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000-5 800 წლით თარიღდება

“აღმოჩენილი ნარჩენები შეიცავდა ღვინის მჟავას, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში არსებული ევრაზიული ყურძენი და მისგან დამზადებული ღვინო. აქვე აღმოჩნდა სხვა ორგანული მჟავები, რომლებსაც ასევე შეიცავს ევრაზიული ყურძენი, რაც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაა,”- ვკითხულობთ გინესის მსოფლიო რეკორდების სტატიაში.

გარდიანის ცნობით, აქამდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ღვინის ჭურჭელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5 400 წლით თარიღდებოდა. ეს ჭურჭელი ჩრდილოეთ ირანში,ზაგროსის მთებში 1968 წელს აღმოაჩინეს. მეღვინეობის უძველესი ნიშნები აღმოჩენილია ჩინეთშიც, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 7 000 წლით თარიღდება, თუმცა ჩინეთში აღმოჩენილი მტკიცებულებები მხოლოდ ყურძენს არ ეხებოდა. ის მოიცავდა ბრინჯისგან დამზადებულ ლუდს და სხვადასხვა ხილის მიქსტურას.

მას შემდეგ, რაც არქეოლოგებისა და ბოტანიკოსების ჯგუფი საქართველოდან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მკვლევართა ჯგუფს შეუერთდა, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს დედაქალაქიდან სამხრეთით 50 კილომეტრში მდებარე ორი სოფლის შესწავლა დაიწყეს. შულავერის და გადაჭრილი გორის კვლევისას ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს.

მკვლევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თიხის ჭურჭლით, რომელიც სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში დამზადებული უძველესი ჭურჭელია. მართლაც, ერთ-ერთი ქვევრი, რომელიც შეისწავლეს, ერთი მეტრი სიმაღლისაა, მისი მოცულობა კი 300 ლიტრია. ჭურჭელი გაფორმებულია მრგვალი წინწკლებით, რაც მკვლევრების განცხადებით, სავარაუდოდ, ყურძნის მარცვლებია.

მკვლევართა ჯგუფი კონცენტრირებული იყო ჭურჭლის ნიმუშების მოგროვებასა და ანალიზზე, რომელიც ნეოლითური ხანის სოფლიდან ამოიღეს. ასევე შეისწავლეს მიწის ნიმუშები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული მასალები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000–5 800 წლით თარიღდება. საერთო ჯამში, 30 ჭურჭლის ფრაგმენტი და მიწის 26 ფრაგმენტი შეისწავლეს.

მკვლევართა გუნდმა კვლევის სხვადასხვა ტექნიკა გამოიყენა, რათა მიწის ფრაგმენტები და ჭურჭლის შიდა ზედაპირი გამოეკვლია. მკვლევრები მოლეკულებს ან ქიმიურ ნარჩენებს ეძებდნენ, რაც ღვინის კვალის არსებობას დაამტკიცებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი