ახალი ამბები

ჯანელიძის თქმით, თბილისის დღევანდელ პრიორიტეტებში ევროკავშირის საბაჟო კავშირი არ შედის

30 ნოემბერი, 2017 • 2101
ჯანელიძის თქმით, თბილისის დღევანდელ პრიორიტეტებში ევროკავშირის საბაჟო კავშირი არ შედის

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ მთავრობის პრიორიტეტებში დღეისათვის ევროკავშირის საბაჟო კავშირის საკითხის აქტუალიზაცია არ დგას. ევროკავშირის საბაჟო კავშირში გაწევრების საკითხზე ევროპარლამენტის მიერ ნოემბერში მიღებულ რეზოლუციაშია საუბარი.

დღეს ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტის შედეგებზე მსჯელობდნენ, ჯანელიძეს შეკითხვა სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუციის კონტექსტში დაუსვეს.

“რაც შეეხება საბაჟო კავშირს და სხვა ინიციატივებს,  ჩვენი სავაჭრო პოლიტიკიდან გამომდინარე, ალბათ, მიზანშეწონილია, რომ ეს კარგად შევაფასოთ, ამ ეტაპზე რამდენად იქნება მიზანშეწონილი ქვეყნისთვის და იქნება თუ არა დამაბრკოლებელი ფაქტორი საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე [ევროკავშირის წევრობა], რომელიც ჩვენ გვაქვს. ამიტომ ამ საკითხს ნამდვილად კარგი გაანალიზება და შეფასება სჭირდება. დღეს მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებში ამ საკითხის აქტივიზაცია არ დგას”, – თქვა ჯანელიძემ.

“შეიქმნას ფორმატი “აღმოსავლეთ პარტნიორობა+”, რომელიც დამატებით შესაძლებლობას მისცემს რეფორმების გზაზე მდგარ ქვეყნებს, შეუერთდნენ საბაჟო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებს, ასევე შენგენის ზონას, და ისარგებლონ როუმინგის შეღავათიანი ტარიფებით”, – ეს არის ამონარიდი ევროპარლამენტის ნოემბრის რეზოლუციიდან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში საბაჟო კავშირის თემა არ ფიგურირებს.

ევროკავშირის საბაჟო კავშირს რომის ხელშეკრულებით ჩაეყარა საფუძველი და მის თანახმად, გაუქმდა სავაჭრო ტარიფები წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე დაწესდა საერთო ტარიფები გაერთიანების არაწევრ ქვეყნებთან დაკავშირებით. საქართველოს ევროკავშირთან აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება იგივე DCFTA, რომელიც სწორედ საბაჟო გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს გარკვეულ პროდუქციაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი