ახალი ამბებისამართალი

ვანო მერაბიშვილი ქართულ მართლმსაჯულებას ბოიკოტს უცხადებს

29 ნოემბერი, 2017 •
ვანო მერაბიშვილი ქართულ მართლმსაჯულებას ბოიკოტს უცხადებს

პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ვანო მერაბიშვილი ბოიკოტის რეჟიმზე გადადის, მისი ადვოკატები კი საერთო სასამართლოებში მიმდინარე ყველა პროცესს ჩამოშორდებიან. როგორც ყოფილი შს მინისტრის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური პატიმარია, ხოლო ქართული მართლმსაჯულების მასკარადში მონაწილეობას მიღებას ის აღარ აპირებს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა მის ადვოკატებს აცილება მისცა და ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა. შესაბამისად, მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს, თუმცა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი სასამართლო პროცესებზე დასწრებას არ გეგმავს.

“სტრასბურგის დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის მიმართ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა. ის არის აღიარებული პოლიტპატიმარი. შესაბამისად, ამ დარღვევებში მონაწილეობდა ხელისუფლება, პროკურატურა და სასამართლო. ჩვენ მათ მიმართ ნდობის მანდატი აღარ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მერაბიშვილი ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა; გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში და უნდობლობას ვუცხადებთ ქართულ მართლმსაჯულებას. როგორ შეიძლება ჩვენ გავიდეთ იმ პროცესებზე, რომლებმაც მოახერხეს მის მიმართ ამდენი დარღვევა?“ – განუცხადა რუსთავი 2-ს გიორგი ჩივიაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ – დაასკვნა, რომ არაა დადგენილი, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ძირითადად ემსახურებოდა თუ არა ქართული პოლიტიკიდან მერაბიშვილის ჩამოცილებას. თუმცა სასამართლომ საკმარისად დამაჯერებლად და დადასტურებულად მიიჩნია მერაბიშვილის ბრალდებები წინასწარი პატიმრობის პერიოდში ციხიდან მის გაყვანასთან და გვიან ღამით დაკითხვასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი