ახალი ამბები

ომბუდსმენობის კანდიდატი გიორგი ფოფხაძე საკომიტეტო განხილვაზე მობილურით ჩაერთო

29 ნოემბერი, 2017 • 2378
ომბუდსმენობის კანდიდატი გიორგი ფოფხაძე საკომიტეტო განხილვაზე მობილურით ჩაერთო

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” მიერ წარდგენილი სახალხო დამცველობის კანდიდატი გიორგი ფოფხაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს საქართველოში არყოფნის გამო ინტერნეტით ჩაერთო.

“დღეს კომიტეტის ცოტა უცნაური სხდომა გვაქვს იმიტომ, რომ ბატონი გიორგი ფოფხაძე არ გახლავთ საქართველოში და მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშრებით, რომ ბატონი გიორგი ჩაერთოს ინტერნეტის საშუალებით” – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.

გიორგი ფოფხაძის კანდიდატურაზე ფრაქციის წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა ისაუბრა.

“გიორგი ფოფხაძე არის არა მარტო ჟურალისტი, არამედ ადამანის უფლებათა ცნობილი დამცველი… მან მონაწილეობა მიიღო ყველა პოლიტიკურ პროცესში, რომელიც საქართველოში 90-იანი წლებიდან დღემდე განვითარდა. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა გულისხმობს ჟურნალისტური ფუნქციის შესრულებას, ის აქტიურად აშუქებდა აფხაზეთის ომის ქრონიკებს ჩემთან ერთად, გიორგი ფოფხაძე არის ჟურნალისტი, რომელმაც გამოიარა ჭუბერის გზა და ასახა ის ტრაგედია, რაც ხდებოდა ჭუბერის გზაზე. ფოფხაძე იყო არაერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში… მას აქვს პირადი კონტაქტები ევროსტრუქტურების პირველ პირებთან, რაც ძალიან დაგვეხმარა მაშინ, როდესაც ქვეყანაში იყო სააკაშვილის რეჟიმი,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა ფოფხაძის წარდგენისას.

ირმა ინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ფოფხაძე ერთი პარტიის სახალხო დამცველი არ იქნება:

მე მინდა ქართული ოცნების იმ ბირთვს ვთხოვო გიორგ ფიოფხაძის კანდიდატურის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. გიორგი ფოფხაძე არის პიროვნება, რომელსაც აქვს ყველა ის თვისება, რომელიც სჭირდება სახალხო დამცველს… მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის არ იქნება ერთი პარტიის სახალხო დამცველი… მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფოფხაძე იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველი სახალხო დამცველი,”- განაცხადა მან.

ამის შემდეგ გიორგი ფოფხაძეს კითხვები კომიტეტის წევრებმა დაუსვეს.

ინაშვილის წარდგენის შემდეგ მან განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებაში” ბევრი მეგობარი ჰყავს და არ გამორიცხავდა, რომ მათ მიერ ყოფილიყო დასახელებული. მან აღნიშნა, რომ როდესაც სააკაშვილის მმართველობის დროს მამუკა მდინარაძე დააპატიმრეს, ევროსასამართლოში სწორედ მან მიიტანა მდინარაძის საქმე.

საკუთარ გეგმებზე საუბრისას ფოფხაძემ განცხადა, რომ სრულიად ევროპულ რელსებზე დგას სახალხო დამცველის აპარატი.

“საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ერისა, ეროვნებისა, სქესისა, სექსუალური მიმდინარეობისა, რელიგიური მრწამსისა, იყოს დაცული მათი უფლებები და არ იყოს დიფერენციაცია გაკეთებული ადამიანებს შორის მათი ან რასობრივი, ან რელიგიური, ან სექსუალური ნიშნით. ამასთანავე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ტრადიციების მიმდევარი ქვეყანა, ისევე, როგორც ის ქვეყანა, საიდანაც გერთვებით, საფრანგეთი კათოლიკური ქვეყანაა… სადაც პრიორიტეტი ერთ რელიგიას, კათოლიკურ რელიგიას გააჩნია,”- განაცხადა მან.

მანვე ისაუბრა შრომის კოდექსის მიღებაზე, მის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე, ასევე, სოციალური ფონის გამოსწორების შესახებ.

“მძიმე სოციალური ფონის გამოსწორება – ეს აუცილებელი და საკმარისი პირობაა, რომელიც უნდა განიხილოს სახალხო დამცველის აპარატმა, ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩემთვის იქნებოდა ციხეების მონიტორინგი იმიტომ, რომ ეს ევროპაში ერთ-ერთ მთავარი საკითხია… ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება გაჭირვებაში, შეჭირვებაში მყოფი ადამიანების და ქართველი ემიგრანტების დაბრუნების პროცესში მათი უფლებების დაცვა,”- განაცხადა ფოფხაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი