ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისში ყარაბაღელი მხატვრების გამოფენას აზერბაიჯანის პროტესტი მოჰყვა

28 ნოემბერი, 2017 • 5289
თბილისში ყარაბაღელი მხატვრების გამოფენას აზერბაიჯანის პროტესტი მოჰყვა

თბილისში “ჰაიარტუნის” კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ შვიდი ყარაბაღელი მხატვრის გამოფენას აზერბაიჯანული მხარის პროტესტი მოჰყვა, რაც აზერბაიჯანის საელჩოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვით გამოიხატა.

შესაბამისად, საქართველოს საგარეო უწყებას აზერბაიჯანული მხარისთვის ოფიციალური პასუხის გაცემა მოუწია:

საქართველო არ აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას. ჩვენი ინფორმაციით, გამოფენაზე არ ყოფილა რაიმე ტიპის მინიშნება, რაც შელახავდა აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება კონკრეტულ გამოფენას – ის კერძო ინიციატივაა, მასში არ ყოფილა ჩართული სახელმწიფო სტრუქტურები”, – ნათქვამია საგარეო უწყების პასუხში.

როგორც საქართველოს სომეხთა ეპარქიის, “ჰაიარტუნის” კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევონ ჩიდილიანმა ნეტგაზეთს უთხრა, გამოფენის ორგანიზებაში ქართულ სამთავრობო მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.

26 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა მთიანი ყარაბაღიდან შვიდი ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა “აღორძინება” გამართა.

“ჰაიარტუნის” კულტურის განყოფილების დირექტორის, ლევონ ჩიდილიანის თქმით, გამოფენის მთავარი მესიჯი “მშვიდობა” იყო.

“არ მიმაჩნია მართებულად აზერბაიჯანის მხარის ჩარევა ამგვარი ღონისძიების გამართვის დროს,” – განუცხადა მან ნეტგაზეთს.

როგორც ის ამბობს, “ხელოვნებას საზღვრები არ გააჩნია”.

ყარაბაღელი მხატვრების გამოფენა თბილისში 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

ყარაბაღელი მხატვრების გამოფენა თბილისში; ფოტო: ნეტგაზეთი

 

 

ყარაბაღელი მხატვრების გამოფენა თბილისში; ფოტო: ნეტგაზეთი

 

ყარაბაღელი მხატვრების გამოფენა თბილისში; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი