ახალი ამბები

მდინარაძე: მხოლოდ კანონმდებლობას და რეგულაციებს ნუ დავაბრალებთ ტრაგედიას

27 ნოემბერი, 2017 • 1753
მდინარაძე: მხოლოდ კანონმდებლობას და რეგულაციებს ნუ დავაბრალებთ ტრაგედიას

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედ კანონმდებლობას რომ იცავდნენ სასტუმროები, ბევრ ტრაგედიას ააცილებდა ქვეყანას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ გამორიცხავს საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას.

“დღეს გლoვის დღეა. კიდევ ერთხელ, უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

ერთი რამ მინდა გთხოვოთ: მხოლოდ კანონმდებლობას და საკანონმდებლო რეგულაციებს ნუ დავაბრალებთ ტრაგედიას. იმ რეგულაციების დაცვა რომ ხდებოდეს, რაც დღეს გვაქვს, ეს ჩვენ ბევრ საფრთხეს და ტრაგედიას აგვაცილებდა…

მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ დღის წესრიგში დადგება, რომ რომელიმე მუხლის გამკაცრება კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს მსგავსი ფაქტების პრევენციას, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე არასდროს დავიხევთ უკან,” – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ხანძარი ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში 24 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი