ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართული მხარე არ ადასტურებს, რომ გიუნაშვილი აფხაზი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

26 ნოემბერი, 2017 • 3458
ქართული მხარე არ ადასტურებს, რომ გიუნაშვილი აფხაზი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, გათავისუფლებულია და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს, 26 ნოემბერს გადასცეს. რუსული მედია კი წერს, რომ გიუნაშვილი აფხაზი პატიმრის საქართველოს ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ გადასცეს ქართულ მხარეს, რასაც საქართველოს მთავრობა არ ადასტურებს.

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, გიორგი გიუნაშვილი საკუთარ ოჯახში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით დასახლებაში იმყოფება. 2016 წლის ივნისში დაკავებული, გორის რაიონის სოფელ დისევში მცხოვრები გიორგი გიუნაშვილი ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. მისი გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის არაერთ შეხვედრაზე ერგნეთში (IPRM).

“ბოლო წლების განმავლობაში არსებობს ამგვარი საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება,  ასევე,  როგორც ქართულ-აფხაზური, ისე ქართულ-ოსური ურთიერთობების ფარგლებში გიორგი  გიუნაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯია  სამშვიდობო პროცესში. რომელიც  როგორც ქართულ-აფხაზური, ისე ქართულ-ოსური ურთიერთობების ფარგლებში, რაც პოზიტიურად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესზე”, – მიაჩნიათ სამინისტროში.

რუსული საინფორმაციო სააგენტო “სპუტნიკის” ცნობით, ცხინვალში მიიჩნევენ, რომ ეს გათავისუფლება ორი კონფლიქტური რეგიონის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, თანამშრომლობის შედეგია, რადგან გიუნაშვილი აფხაზი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ გამოუშვეს ციხიდან. გიუნაშვილის გათავისუფლებას ესწრებოდა ჰუმანიტარულ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებში აფხაზეთის წარმომადგენელი ზურაბ ლაკერბაია.

“აფხაზეთის რესპუბლიკის თხოვნის საფუძველზე და სამხრეთ ოსეთში აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სტუმრობის შედეგად, გამოიცა ბრძანება საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისა და ქართული მხარისათვის გადაცემის თაობაზე. ეს არის კეთილი ნების გამოხატულება”, – განაცხადა ლაკერბაიამ.

გიუნაშვილს ცხინვალი ტერორიზმში სდებდა ბრალს. ცხინვალის ცნობით, გიუნაშვილის 2004 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სპეციალური სამსახურების “არალეგალურ შეიარაღებულ გაერთიანებებში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი