ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში 219 ოჯახია სასოფლო-სამეურნეო ბარათის მოლოდინში.
„ვის არ მივმართე, ვინ არ შევაწუხე, რამდენჯერ ცხელ ხაზზე დავრეკე, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე,” – ამბობს სოფელ ხუცუბნის მკვიდრი დოდო ლაზიშვილი.
„როგორც გვეუბნებიან, პროგრამა დასრულდა და მცირე შანსია იმისა, რომ ამ ეტაპზე ეს ბარათები ჩამოვიდეს. მაგრამ პროგრამები კიდევ მუშავდება და ეს ხალხი იმ პროგრამებში იქნება გათვალისწინებული,” – უთხრა „ბათუმელებს” ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მირანდა წეროძემ.
იგივე მდგომარეობაა აჭარის მაღალმთიანეთშიც. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მცხოვრები 151 კომლიდან ვაუჩერი
მხოლოდ 9 ოჯახმა მიიღო, 142 ოჯახი ვაუჩერის მიღებას დღემდე ელოდება. სოფლის რწმუნებული დავით შაინიძე ამბობს, რომ მონაცემები ხელახლა გადაამოწმა, შეცდომა მხოლოდ ორი ოჯახის პირად ნომერში აღმოჩნდა, შესწორებული მონაცემი კი შესაბამის
სამსახურს გაუგზავნა.
“ყველა ოჯახში მივედი, მონაცემები, რაც მითხრეს, გადავიტანე ფორმაზე, სწორედ იმ სიიდან მიიღო 9 ოჯახმა ბარათი, 142-მა ოჯახმა კი – ვერა, განსაკუთრებით ხომ არ შემიდგენია იმ ოჯახების მონაცემები, სია ორჯერ გადავამოწმე, მხოლოდ ორი ოჯახის პირად ნომერში იყო შეცდომა,” – ამბობს სოფლის რწმუნებული.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში ნოდარ მიქელაძე ამბობს, რომ ვაუჩერის მიღების მომლოდინე ოჯახების რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ოჯახების ნაწილმა დააბრუნა კომბინირებული ბარათი, ნომინალური
ბარათი კი დღემდე არ მიუღიათ.
“ხულოში მცხოვრებ 9624 ოჯახს უნდა მიეღო საგაზაფხულო ბარათი, დღეის მდგომარეობით 1307 ოჯახს საერთოდ არ მიუღია, გარდა ამისა, 7742 კომბინირებული ბარათი დაბრუნდა, რომლის ნაცვლად ოჯახებს ნომინალური ბარათი უნდა მიეღოთ, მაგრამ არ მიუღიათ, თუმცა რამდენმა ოჯახმა დააბრუნა ბარათი და მათგან რამდენმა ვერ მიიღო გადაცვლილი ვაუჩერი, ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, რადგან მონაცემები ეტაპობრივად იცვლება,” – ამბობს ნოდარ მიქელაძე.
ხულოს მუნიციპალიტეტის მსგავსად არც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფლობენ ინფორმაციას დაბრუნებული ბარათიდან რამდენმა ოჯახმა ვერ მიიღო ვაუჩერი.
გასულ კვირას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი ბარამიძემ ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას ფერმერებისათვის ბარათების დარიგებისაკენ მოუწოდა. ბარამიძე ასევე დაინტერესდა იმ დანაპირებით, რომლის
მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ბათუმს მიერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნიც მიიღებდნენ.
„ათი ათას მოქალაქეს, რომლებიც ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ცხოვრობს და გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ჰპირდებოდნენ, რომ მიიღებდნენ ამ ვაუჩერებს, თუმცა მათ ვაუჩერები ვერ მიიღეს, მიიღეს მხოლოდ ჩითილები,” – განაცხადა ბარამიძემ.
„მუნიციპალიტეტების გამგებლის მოადგილეები გაუშვეს თბილისში შეხვედრაზე, იქიდან უნდა ჩამოეტანათ კონკრეტული პასუხი, თუ რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ ვაუჩერი. ჩამოვიდა პასუხი, რომ დაუზუსტებელი სიების გამო ვერ მიიღო მოსახლეობის ნაწილმა ბარათები,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწე როინ გოგაძე. მისი თქმით, ეს სოფლის რწმუნებულების პასუხისმგებლობის საკითხია.
რატომ ვერ მიიღო სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ სასოფლო-სამეურნეო ბარათები, ამ კითხვით „ბათუმელებმა” საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” ხელმძღვანელს დავით კიკნაძეს მიმართა.
„თავიდან დაევალათ მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს, რომ კარდაკარის პრინციპით შეემოწმებინათ მიწა, დასახნავი ფართობი და შეედგინათ სია. შემდეგ ეს სიები მოდიოდა სამინისტროში. სამინისტრო ამ სიებს ამოწმებდა სამოქალაქო რეესტრში, პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ იბეჭდებოდა ბარათი, რომელიც ჩადიოდა რწუმენებულებთან, თვითმმართველობის ორგანოებთან, რომლებიც არიგებდნენ ამ ბარათებს. იყო შემთხვევა, ოჯახებმა ვერ მიიღეს ბარათები, რადგან ერთგან სოფელი გამორჩათ. სულ ოთხჯერ მოხდა ამ სიების უკან დაბრუნება, ანუ რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტებს, ჰქონდათ საშუალება შეესწორებინათ ეს სიები და სწორი სიები მოეწოდებინათ. ოთხჯერვე, კვლავ მოხდა სამოქალაქო რეესტრში გადამოწმება. სამწუხაროდ, ჩვენმა ფერმერებმა ამიტომ ვერ მიიღეს ეს ბარათი,” – განაცხადა დავით კიკნაძემ.
კითხვაზე რა ბედი ელის იმ მოქალაქეებს, ვისაც ამ დრომდე არ მიუღია ბარათი, კიკნაძე პასუხობს, რომ ეს ფერმერები ბარათებს ვეღარ მიიღებენ.
„ჩვენი პროექტი მთავრდება. პირველ აგვისტომდეა ბარათების განაღდება შესაძლებელი. შესაბამისად, აღარ გვექნება დრო დაბეჭდვის, არც იმის დრო, რომ მუნიციპალიტეტებმა კიდევ შეასწორონ და გადმოგვიგზავნონ მონაცემები, შემდეგ სამოქალაქო რეესტრმა შეასწოროს და ასე შემდეგ. ვინც ვერ მიიღო ბარათი, სამწუხაროდ, ამ პროექტის ფარგლებში ბარათს ვეღარ მიიღებს,” – განაცხადა დავით კიკნაძემ.
